თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-სა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტაჟიორების მორიგი ნაკადი მიიღეს.
„TAV Georgia ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს საავიაციო ბაზარზე. ამ დროისთვის თბილისა და ბათუმის აეროპორტების მმართველ კომპანიასა და მის შვილობილ კომპანიებში 1700-ზე მეტი პირია დასაქმებული. ქართული ავიაციის მომავლისთვის კვალიფიციური კადრების რესურსის შექმნა ჩვენი, ტავ ჯორჯიას გუნდის ერთ–ერთი პრიორიტეტია… 20 წელია ტავ ჯორჯია ქართულ საავიაციო ბაზარზე ამ რესურსს ქმნის და უკვე ძალიან დიდი საქმე გვაქვს ამ მხრივ გაკეთებული“ – აცხადებს TAV Georgia-ს სახმელეთო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე მიქაუტიძე.
TAV Georgia და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი შესაბამისი მეორანდუმის ფარგლებში უკვე წლებია ერთობლივად მუშაობენ სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებაზე და საავიაციო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებაზე. ეს თანამშრომლობა გულისხმობს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის აეროპორტის მგზავრთა მომსახურებისა და ფრენების ოპერირების სამსახურებში სამუშაო პრაქტიკის შეთავაზებას, რაც სტუდენტებს სასწავლო კრედიტებში ეთვლებათ, TAV Georgia კი სამუშაო საათებში მათ კვებას უზრუნველყოფს.
TAV Georgia ფრანგული ADP ჯგუფის წევრია და TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო. კომპანიამ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების აშენებასა და განვითარებაში 225 მილიონ ამერიკულ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად,TAV Georgia საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს.