თბილისის აეროპორტის გენერალური განვითარების გრძელვადიან გეგმაზე, მათ შორის, ახალი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობა 2023 წელს დასრულდება. ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
მთავრობის მეთაურმა სამუშაო თათბირზე 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა. საუბარი შეეხო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030-ის“ იმპლემენტაციის დინამიკას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის მზარდი დინამიკის უზრუნველყოფისთვის თბილისისა და სხვა აეროპორტების განვითარების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.