საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.
თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 13R კურსით დღემდე მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემით აღჭურვილი არ ყოფილა. არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ზღურბლიდან 420 მ-ის მანძილზე, სპეციალური მსხვრევადი კონსტრუქციის ანძებზე, დამონტაჟდა ახალი ტექნილოგიის LED ტიპის თანამედროვე სანათები, რაც საქაერონავიგაციას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მომფრენი თუ გამფრენი საჰაერო ხომადების უსაფრთხო ოპერირება რთული მეტეოპირობების, მათ შორის დაბალი ხილვადობის დროს.
შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პროექტი ფრანგულმა კომპანია „ADPI” – იმ შეასრულა. ახალი, თანამედროვე სისტემის ნაწილების მოწოდება და სამონტაჟო სამუშაოები იტალიურმა კომპანია „OCEM”-მა განახორციელა. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს იტალიურმა კომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები ICAO-ს II კატეგორიის შუქ-სასიგნალო სისტემებით აღჭურვა.
უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტის მე-2 ეტაპი, რაც აღნიშნული სისტემის 900 მეტრამდე გაფართოებას გულისხმობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოახლოების სანათების ახალი სისტემა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ICAO – ს სტანდარტებთან. როგორც საქაერონავიგაციაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის დასრულება გახდება იმის საფუძველი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს 13R კურსიდან ICAO-ს პირველი კატეგორია მიენიჭოს.
განათების ახალი სისტემა კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს თბილისის აეროპორტში და საჰაერო ხომალდებს დაფრენას საგრძნობლად გაუადვილებს ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეოპირობების და დაბალი ხილვადობის დროს.