“თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეგვიძლია ვიფრინოთ ევროპის 21 ქალაქში და აქედან 9 მიმართულებას ტვირთავს Georgian Airways-ი”- ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა, რომელიც დღეს Georgian Airways-ის მიერ რომის მიმართულებით ფრენების დაწყების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა. როგორც თეა ზაქარაძემ განაცხადა, ახალი მიმართულებით ისარგებლებენ როგორც ქართველი მგზავრები, ასევე ტურისტები.
„ყველას გილოცავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიც არის რომი. ეს არის ძალიან სასიხარულო ჩვენთვის, ჩვენი აეროპორტისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით გვაქვს 21 პირდაპირი მიმართულება. ანუ, თბილისიდან შეგვიძლია ვიფრინოთ ევროპის 21 ქალაქში და აქედან 9 მიმართულებას ტვირთავს Georgian Airways-ი, რაც არის ძალიან კომფორტული ქართველი მგზავრებისთვის და არა მხოლოდ ქართველი მგზავრებისთვის“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Georgian Airways-მა რომის მიმართულებით ფრენები დღეიდან დაიწყო, თუმცა რამდენიმე დღის უკან დაამატა ასევე ფორლის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები. ავიაკომპანია პირდაპირ ავიარეისებს ასრულებს ასევე მილანის მიმართულებითაც.