თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ვაზიანში აშენდება, 2031 წელს გაიხსნება და წელიწადში 19 მილიონ მგზავრს მოემსახურება. ეს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქანკაპტანთან სამუშაო შეხვედრის დროს გააჟღერა, სადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარების გეგმები განიხილეს.

TAV Airports-ის როლი და ინტერესი

კომპანია TAV Airports ამჟამად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიაა და ფრანგული Groupe ADP-ის წევრია, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰოლდინგია მსოფლიოში.

TAV Airports-ის მხრიდან წინადადების წარდგენას წინ უძღოდა შეხვედრა ADP-ის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებთან პარიზის ბოლო საავიაციო გამოფენის ფარგლებში. სწორედ იქ დაფიქსირდა საავიაციო ჰოლდინგის მხრიდან თბილისისა და ბათუმის მოქმედ აეროპორტებში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების ინტერესი.

მზარდი მგზავრთნაკადი და სამომავლო გეგმები

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, დღეს სამოქალაქო ავიაცია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია საქართველოში. 2024 წელს მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და 7.4 მილიონ მგზავრს გადააჭარბა. ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა, ასევე მზარდია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა.

ამ ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა განიხილავს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაციასა და გაფართოებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ვაზიანის ახალი აეროპორტის ამოქმედებამდე, გაზრდილი მგზავრთნაკადის შეფერხების გარეშე მომსახურება იყოს შესაძლებელი.

TAV Airports-ის საინვესტიციო შეთავაზება

TAV Airports-ის პრეზიდენტის, სერქან კაპტანის განცხადებით, წელს კომპანია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების დაწყებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. მისი თქმით, TAV Airports-ი განიხილავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას. ეს თანხა მოხმარდება არსებული ტერმინალის გაფართოებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც უზრუნველყოფს აეროპორტის მიერ გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებას 2031 წლამდე.

„გასულ წელს ჩვენ 4.7 მილიონი მგზავრი გვყავდა. ტერმინალებში გამტარუნარიანობის ზედა ზღვრამდე მივდივართ, სწორედ ამიტომ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რათა შეგვეთავაზებინა ახალი ინვესტიცია ტერმინალების გასაუმჯობესებლად და აეროპორტის გამტარუნარიანობის 10 მილიონ მგზავრამდე გასაზრდელად,“ – აღნიშნა TAV Airports-ისპრეზიდენტმა.

შეხვედრის მონაწილეები და სამომავლო ნაბიჯები

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი და ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, აგრეთვე კომპანია TAV Georgia-ისგენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ TAV Airports-ის შეთავაზების დეტალური შესწავლა მოხდება თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოებასა და დამატებითი ინვესტიციის განხორციელების მიზნით. TAV Georgia საქართველოში 20 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში 230 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.