თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე მიწის ნაკვეთს მოქალაქეს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ბრძანებიდან ირკვევა, რომ აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქტექნიკური სისტემის გაფართოება იგეგმება. პროექტის განხორციელების შედეგად კი, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, ასაფრენ-დასაფრენ ზოლის 132 კურსს (ალექსეევკის მხრიდან) მიენიჭება ICAO CATI სტატუსი და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს საჰაერო ხომალდების ორივე კურსით მიღებას.
პროექტის განხორციელების მიზნით, სახელმწიფომ შპს „საქაერონავიგაციას“ გადასცა 14 ერთეული მიწის ნაკვეთი. ამასთან, პროექტის ფარგლებში ასევე მოექცა ფიზიკური პირის ვენჰაო იანგის საკუთრებაში არსებული 748 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით.
„დასახელებულ პირს შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისთვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მან უარი განაცხადა. ვინაიდან აღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, შპს „საქაერონავიგაციამ“ წერილობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა“, – აღნიშნულია ეკონომიკის მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.
საბოლოოდ, სამინისტრომ „საქაერონავიგაციის“ მოთხოვნა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების გასაჩივრება მოქალაქეს ერთი თვის ვადაში შეუძლია.
წყარო: 1TV.ge