სომხეთის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ქვეყანაში ბაზირებული უცხოური ავიაკომპანიების სუბსიდირებას ეხება. კერძოდ, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვთავაზობს, რომ სუბსიდიები ახალი მიმართულებების გახსნის შემთხვევაში გაიცეს მხოლოდ იმ მგზავრებზე, რომლებიც სომხეთში მინიმუმ 48 საათს გაატარებენ.
მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით, უცხოური ავიაკომპანიები სუბსიდიებს იღებდნენ ახალი მიმართულებების გახსნის სანაცვლოდ, ერთი პირობით: კომპანიას კვირაში მინიმუმ ერთი რეგულარული რეისი უნდა შეესრულებინა გიუმრის „შირაკის“ აეროპორტში.
- გადახდის ოდენობა: ახალი მიმართულებებით სომხეთში ჩამოსული ორ წელზე უფროსი ასაკის თითოეული მგზავრისთვის გათვალისწინებული იყო გადახდა:
- გიუმრის „შირაკის“ აეროპორტში დაშვებისას: 15,000 დრამი (დაახლოებით $38).
- ერევნის „ზვართნოცის“ აეროპორტში ჩამოსვლისას: 20,000 დრამი (დაახლოებით $50).
ახალი ცვლილებები გვთავაზობს მგზავრების იდენტიფიკაციის პროცესის შემოღებას, რომელშიც ჩართული იქნება „ზვართნოცისა“ და „შირაკის“ აეროპორტების მმართველი კომპანია.
გარდა ამისა, სუბსიდიები ასევე შეიძლება მიეწოდოს სომხეთში ბაზირებულ ავიაკომპანიებს, თუკი მათი ბრენდის ქვეშ მოქმედი და იმავე ჰოლდინგში შემავალი, მაგრამ ქვეყანაში არაბაზირებული კომპანიები შეასრულებენ რეისებს ახალ მიმართულებებზე.
მთავრობა მოელის, რომ ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის ზრდას, ფრენების გეოგრაფიის გაფართოებას, საერთაშორისო ავიაკომპანიების სომხეთის აეროპორტებში ბაზირებას და, ამავე დროს, ფინანსური დახმარების ადმინისტრირების გაუმჯობესებას.
- „ახალი მიმართულებები“: გულისხმობს ყველა იმ უცხოურ ქალაქს, სადაც წინა 12 თვის განმავლობაში მოცემულ ავიაკომპანიას ზაფხულის პერიოდში (მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე) 14 რეისზე მეტი არ შეუსრულებია, ხოლო ზამთრის პერიოდში(ოქტომბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე) – 10 რეისზე მეტი არ შეუსრულებია.
- სხვა მოთხოვნები: სუბსიდიები მიეცემათ იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც ბაზირებულნი არიან სომხეთის აეროპორტებში, ასრულებენ რეისებს კვირაში მინიმუმ ერთხელ(ფორსმაჟორის გამო გაუქმებული ფრენების ჩათვლით) და ფლობენ მინიმუმ ორ თვითმფრინავს – საკუთრებაში ან ლიზინგის ხელშეკრულებით.












