ავიაციის სექტორის წარმომადგენელი თამუნა თანდაშვილი Wizz Air-ის მიერ ქუთაისის ბაზის სავარაუდო გაუქმებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და განმარტავს, რომ ბაზირების მიღმა კიდევ არსებობს რეგულარული რეისები და ამ ეტაპისათვის პანიკის საფუძველი არ არის. ქართული მხარე Wizz Air-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

“Wizz Air-ის ბაზირებასთან და ფრენების მართვასთან დაკავშირებით:

– არც ერთი ავიაკომპანია არ მიიღებს კომერციულად მაღალი რისკების მქონე გადაწყვეტილებას კრიზისის დროს – ამხელა პაუზის შემდეგ, მომგებიან რეისებს გახსნიან მხოლოდ და ისურვებენ უპირატესობას, ფინანსურ დახმარებას და წახალისების პაკეტებს;

– ყველა ავიაკომპანია შეეცდება მისთვის კომერციულად მომგებიან მიმართულებებზე ფრენების დაწყებას, მხოლოდ ქსელში ბევრი ქვეყნის არსებობა არ იქნება პრიორიტეტული;

– საავიაციო პოლიტიკის სტრატეგიული მოლაპარაკებები, მაღალი დონის და დიდი მნიშვნელობის არის, არ წყდება მხოლოდ კომერციულ ორგანიზაციებს შორის – აეროპორტსა და ავიაკომპანიას შორის მაგალითად…

– Wizz Air-ს გლობალურად აქვს აგრესიული დაბრუნების პოლიტიკა არჩეული და ყველა ქვეყანასთან რა თქმა უნდა შეეცდება კომერციულად მომგებიანი სტატუსით ფრენას;

– ბაზირებული ხომალდი თუ არ დაფრინავს სრული დატვირთვით, ხარჯიანია ავიაკომპანიისთვის;

– სრული დატვირთულობით, ერთბაშად ყველა მიმართულებაზე რომ აღადგინოს ფრენა, პანდემიის დიდი რისკის ქვეშ ვექცევით

– ბაზირების მიღმა, რეგულარული რეისებია და პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არის, მოლაპარაკება მიდის”. განმარტავს თამუნა თანდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის ბაზას აუქმებს. აღნიშნულის შესახებ თავად კომპანიას ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ბაზირებული საჰაერო ხომალდები Wizz Air-მა უკვე უნგრეთში გადაიყვანა.