ავიაკომპანია Thai Airways-მა ახალი სერვისი და ტარიფი – Premium Economy Plus – დააანონსა, რომელიც გაუმჯობესებულ კომფორტს სთავაზობს მგზავრებს ფრენისას.
ავიაკომპანიის განცხადებით, ახალი კლასი გამოირჩევა, ფართო სავარძლებით და დიდი სივრცით ფეხებისთვის, ექსკლუზიური მომსახურებით მთელი მოგზაურობის განმავლობაში.
Premium Economy Plus კლასის სავარძლების სიგანე და შუალედი 91 სმ-ია, რაც 50%-ით მეტიასტანდარტული ეკონომკლასის სავარძლებთან შედარებით. სავარძლის საზურგე იშლება 180 გრადუსამდე (სრულად გაშლილ მდგომარეობაში), ხოლო თითოეული მგზავრისთვის უზრუნველყოფილია პირდაპირი გასასვლელი დერეფანთან.
ახალი ტარიფი ხელმისაწვდომი გახდება 26 ოქტომბრიდან ბანგკოკიდან შემდეგი მიმართულებებით: ჩენაი, დაკა, ჰაიდარაბადი, ჯაკარტა და კატმანდუ.
Thai Airways-მა ცოტა ხნის წინ შეიძინა სამი Airbus A330-300 თვითმფრინავი, რომლებიც ადრე Virgin Atlantic-ს ეკუთვნოდა. სწორედ მათზე იქნება მოწყობილი Premium Economy Plus სალონი. ამ კლასის ლაინერებს 264 ადგილი აქვთ: 31 ადგილი ბიზნეს-კლასში, 48 ადგილი პრემიუმ-ეკონომში (კონფიგურაცია 2-3-2) და 185 ადგილი ეკონომკლასში.
ამასთან, ავიაკომპანიას არ დაუკონკრეტებია, მოიცავს თუ არა ახალი ტარიფი მოსაცდელ დარბაზში შესვლას, პრიორიტეტულ ჩასხდომას ან გაზრდილ ბარგის ნორმას. ეს ინოვაცია არის პირველი ცნობილი შემთხვევა, როდესაც პრემიუმ-ეკონომკლასი ცალკე სალონად გამოიყო, რამაც შეიძლება კონკურენტებიც წაახალისოს მსგავსი სერვისების დანერგვისკენ.












