მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ავიაკომპანია A380-ს ნაგავსაყრელზე გზავნის, ავიაკომპანია Thai Airways-ი მსოფლიოს უმსხვილესი სამგზავრო თვითმფრინავის დაბრუნებას განიხილავს, რადგან რეგიონალურ და საერთაშორისო ფრენებზე მოთხოვნა კვლავ იზრდება.
ბანგკოკში აზია-წყნარი ოკეანის ავიაკომპანიების ასოციაციის პრეზიდენტების ასამბლეაზე გამოსვლისას, Thai Airways-ის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა (CCO) კორაკოტ ჩატასინგმა თქვა, რომ გადამზიდავი “მჭიდროდ იკვლევს” Airbus A380-ის ექსპლუატაციაში დაბრუნებას.
მიუხედავად იმისა, რომ Thai Airways-ს 2020 წელს გაკოტრების პროცესის გავლა მოუწია, ავიაკომპანია ნელ-ნელა კრიზისიდან გამოვიდა და 2022 წლის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, მან საბოლოოდ შეძლო 100 მილიონ დოლარზე მეტი კვარტალური მოგების მიღწევა.
COVID-19-ით გამოწვეულ ინდუსტრიულ კრიზისამდე, Thai Airways-ი ექვსი A380-ის ოპერირებას ახდენდა. დღეისათვის ექვსივე A380 ტაილანდში ინახება: ოთხი ბანგკოკის სუვარნაბჰუმის აეროპორტში და კიდევ ორი Rayong Pattaya U-Tapao საერთაშორისო აეროპორტში (UTP). Thai Airways-მა სცადა ორი A380-ის გაყიდვა 2020 წელს, მაგრამ მყიდველი ვერ მოიძებნა.
ტაილანდი ღიაა მოგზაურებისთვის 2022 წლის თებერვლიდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ზამთარში სამეფოში მოგზაურობის ფეთქებადი მოთხოვნა. ამავე დროს, კორაკოტ ჩატასინგამ აღნიშნა, რომ „ამ თვითმფრინავების ექსპლუატაციაში დაბრუნება დიდი ფული ჯდება“.