25 დეკემბერს, Thai Air Asia X-მა ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირველი  ჩარტერული რეისი განახორციელა. საქართველოში პირველად ჩამოსულ 330 მგზავრს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საავიაციო ხელისუფლებისა და ტავ ჯორჯიას წარმომადგენლები დახვდნენ. 2 იანვრის ჩათვლით, Air Asia აღნიშნული მიმართულებით ხუთ ჩარტერულ რეისს, Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახროციელებს. ავიაკომპანია დამატებით ჩარტერულ ფრენებს 2020 წლის აპრილში შეასრულებს.

Thai Air Asia X საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 66 საერთაშორისო და 29 ადგილობრივი მიმართულებით ახორციელებს. Thai Air Asia X-ის ავიაპარკი 12 Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.

ტავ ჯორჯია “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 200 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.  “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.