Textron Aviation-მა თავისი საჰაერო ხომალდების მფლობელებს კავშირგაბმულობის გაუმჯობესებული პაკეტები შესთავაზა, რაც Citation-ის სხვადასხვა მოდელზე Starlink-ის თანამგზავრული სისტემისა და Gogo 5G ინტერნეტის დაინსტალირებას გულისხმობს. კომპანიამ უკვე მიიღო დამატებითი ტიპის სერტიფიკატი Gogo 5G-ის სისტემის დასამონტაჟებლად საშუალო ზომის Citation-ის თვითმფრინავებში, მათ შორის Longitude, Latitude და Sovereign სერიის მოდელებში. აღნიშნული ტექნოლოგია მომხმარებლებს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს სთავაზობს აშშ-ისა და კანადის ნაწილის ტერიტორიაზე, ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა სერტიფიცირებაზე CJ4 და CJ3 მოდელებისთვისაც.
პარალელურად, Textron Aviation-ი მომხმარებლებს სთავაზობს SpaceX-ის Starlink-ის დაბალორბიტალური თანამგზავრული სისტემის ინსტალაციას Citation Excel/XLS სერიის ხომალდებზე, მათ შორის უახლეს მოდელზე Citation Ascend. სისტემის დამონტაჟება შესაძლებელია როგორც აშშ-ის, ისე ევროპის სერვისცენტრებში. კომპანიის მომხმარებელთა მხარდაჭერის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, ბრაიან როლოფის განცხადებით, Starlink-ის ხელმისაწვდომობის გაფართოება პირდაპირი პასუხია კლიენტების მოთხოვნაზე, რაც მათ ფრენის დროს საუკეთესო ხარისხის კავშირსა და მეტ მოქნილობას უზრუნველყოფს.












