ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ავიაკომპანია Qatar Airways-მა თავისი საჰაერო ფლოტის ნაწილი ესპანეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერუელის აეროპორტში გადაისროლა. Flightradar24-ის მონაცემებით, ყატარულმა გადამზიდავმა იქ უკვე 20-მდე ხომალდი განათავსა. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია რეგიონში საჰაერო სივრცის შეზღუდვითა და ფრენების განრიგის შემცირებით, რის გამოც დოჰას ჰაბისთვის ამ ეტაპზე ნაკლები რაოდენობის თვითმფრინავია საჭირო.

ტერუელის აეროპორტი შემთხვევით არ შერჩეულა — ის ევროპაში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურებისა და გრძელვადიანი შენახვის ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმაა. ობიექტი ცნობილია თავისი უნიკალური კლიმატური პირობებით: მშრალი ჰაერი და ნალექების სიმცირე იდეალურ გარემოს ქმნის თვითმფრინავების კონსერვაციისთვის, რადგან მნიშვნელოვნად ამცირებს კოროზიის რისკს. სწორედ ამიტომ, კრიზისულ პერიოდებში მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები ხშირად ირჩევენ ამ ლოკაციას თავიანთი ძვირადღირებული აქტივების დროებით მოსაცდელად.

როგორც Qatar Airways-ის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ფლოტის ნაწილის კატარის ფარგლებს გარეთ გაყვანა გამოწვეულია “გამონაკლისი გარემოებებით”, რაც კომპანიის კონტროლს არ ექვემდებარება. ტერუელის აეროპორტი, რომელიც თავდაპირველად სწორედ სამრეწველო დანიშნულებისთვის აშენდა და არა სამგზავრო გადაყვანებისთვის, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას გლობალური საავიაციო ინდუსტრიისთვის კრიზისების მართვის პროცესში.

ესპანეთის სოფლის განაპირას მდებარე „პატარა“ ტერუელის აეროპორტი, რომელსაც გამოცემა The Independent აღწერს, სინამდვილეში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული საავიაციო ჰაბია. მან სახელი ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიის დროს გაითქვა, როდესაც დროებით გამოყვანილი 140-მდე ლაინერის მთავარ სადგომად იქცა. დღეს კი, ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ირანის მონაწილეობით თებერვლის ბოლოს ესკალაციისა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის ფონზე, ტერუელი კვლავ აქტუალური გახდა – ამჯერად Qatar Airways-ის ფლოტის ნაწილისთვის.

540 ჰექტარზე გადაჭიმული აეროპორტი იდეალურ გეოგრაფიულ წერტილშია: ის თანაბრადაა დაცილებული ესპანეთის ისეთი მსხვილი ქალაქებისგან, როგორიცაა მადრიდი, ბარსელონა, ვალენსია, სარაგოსა და ბილბაო. მისი 2,825 მეტრი სიგრძის ასაფრენი ბილიკი და ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, ერთდროულად 400-მდე თვითმფრინავი განთავსდეს. სწორედ ამიტომ, ტერუელი ითვლება ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმად ტექნიკური მომსახურების, რემონტისა და კაპიტალური შეკეთებისთვის (MRO).

Qatar Airways-ის გადაწყვეტილება, გადაისროლოს თავისი ხომალდები ესპანეთში, ბოლო წლების განმავლობაში გლობალური ავიაციის ყველაზე სერიოზული შეფერხების გამოძახილია. მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურის რეგიონში სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების შეტევების გამო საჰაერო სივრცე ნაწილობრივ ან სრულად დაიხურა, ავიაკომპანიებისთვის ტერუელის მსგავსი უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიური „სადგომები“ სასიცოცხლო მნიშვნელობის აქტივად იქცა.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა სერიოზული დარტყმა მიაყენა გლობალური ავიაციის საკვანძო დერეფნებს, რომლებიც ერთმანეთთან ევროპას, აზიასა და აფრიკას აკავშირებს. შექმნილი ვითარების გამო, ავიაკომპანიები იძულებულნი გახდნენ, მასობრივად გააუქმონ რეისები ან გამოიყენონ შემოვლითი მარშრუტები, რაც პირდაპირ აისახება ფრენის დროის გახანგრძლივებასა და საწვავის ხარჯების კატასტროფულ ზრდაზე. დარგის ექსპერტების შეფასებით, რეგიონის მასშტაბით უკვე ათასობით ფრენა გაუქმდა, რამაც განსაკუთრებით დააზარალა ისეთი მსხვილი საავიაციო ჰაბები, როგორიცაა დოჰა, დუბაი და აბუ-დაბი.

კრიზისის ფონზე, ავიაკომპანია Qatar Airways-მა საგანგებო რეჟიმზე გადასვლა გამოაცხადა. გადამზიდავი 28 მარტამდე ჰამადის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლებული, მნიშვნელოვნად შეკვეცილი განრიგით ოპერირებს. ფრენების რაოდენობის შემცირება და ხომალდების ნაწილის ევროპულ საცავებში გადასროლა მიუთითებს იმაზე, რომ ინდუსტრია უსაფრთხოების რისკებისა და ეკონომიკური ზარალის მინიმიზაციას ცდილობს.

საავიაციო დერეფნების პარალიზება არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო ლოგისტიკურ ჯაჭვებზეც ახდენს გავლენას. სანამ საჰაერო სივრცე სრულად არ გაიხსნება და რაკეტებისა თუ უპილოტო საფრენი აპარატებისგან მომავალი საფრთხე არ შემცირდება, მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები იძულებულნი იქნებიან, კვლავ რესურსების დაზოგვისა და ალტერნატიული გზების ძიების რეჟიმში დარჩნენ.