ჭიათურაში, 3428 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა აღდგება. საბაგირო გზების რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია და მასზე 40 მლნ ლარი დაიხარჯება. პროექტს საქართველოს და საფრანგეთის მთავრობა აფინანსებს.
პროექტი ითვალისწინებს საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქციას. სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ Pomagalski უზრუნველყო.
პროექტის დასრულების შემდეგ, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით, ადგილობრივები და ჭიათურის სტუმრები ისარგებლებენ.
საბაგირო ტრანსპორტი, ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა, სწორედ ჭიათურაში აშენდა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, უფრო მეტიც, ხანგრძლივად ექსპლუატაციის გამო საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს, ამიტომ სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა.