საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორ ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ მინისტრის მოადგილეს აეროდრომზე და ტერმინალში არსებულ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ესაუბრა იმ სამუშაოებზე, რომელთა განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება. მათ შორისაა სამგზავრო ხიდებში საფეხმავლო საფარის განახლება და ტერმინალის შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდას, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რიგების შემცირებას და მგზავრებისთვის მეტი კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად.
გარდა ამისა, აშენდება სრულიად ახალი „დუტი ფრი“, გაფართოვდება და რეკონსტრუქცია ჩაუტარდება პრაიმკლასის დარბაზს.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე დაათვალიერა აეროდრომისა და თვითმფრინავის სახმელეთო მომსახურების ახალი ტექნიკა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპირება. აეროპორტის ოპერატორი კომპანია საჰაერო ხომალდებს მის მფლობელობაში არსებული 150-მდე ერთეული სხვადასხვა სახის ტექნიკით ემსახურება, რომელსაც ყოველწლიურად აახლებს.
დაგეგმილ შიდა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ტექნიკის განახლებაში მიმდინარე წელს კომპანია 24 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
მინისტრის მოადგილემ და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა ასევე ისაუბრეს ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადებაზე. აღინიშნა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოკლე ვადებში დასრულების მნიშვნელობა, რათა ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში შეფერხებები არ შეიქმნას.
“ტავ ჯორჯიას” შესახებ
“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.