ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი უკვე წარდგენილია, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია ორივე აეროპორტში ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს.

„2025 წელს საკმაო მატება გვაქვს. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა უნდა ყოფილიყო მზადყოფნაში და ჩვენ დავხარჯეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 7 მლნ დოლარზე მეტი ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – 5 მლნ დოლარზე მეტი. შესაბამისად, იგივე ტემპებით ვაგრძელებთ. იცით თქვენ, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები. უკვე წარდგენილია გაფართოების პროექტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, ხოლო ბათუმზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლიდან უკვე შევძლებთ, რომ აქტიურ ფაზაში გადავიდეს აეროპორტის გაფართოება“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.