თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-სა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ახალი კონტრაქტით სახელმწიფოს შემოსავალი გაიზარდა. ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე საუბრობს და განმარტავს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის წლიური გადასახადი გაიზარდა. მისი თქმით, ახალი კონტრაქტი მნიშვნელოვანია კომპანიაში დასაქმებული 2000-მდე ადამიანისთვისაც.
„ჩვენი თანამშრომლებისთვის შეიცვალა ვადა და ყველას შეუძლია იყოს მშვიდად, რომ 2031 წლის ბოლომდე ის კითხვები, რაც აწუხებდათ, უკვე აღარ შეაწუხებთ. მგზავრებისთვის შეიცვლება ინფრასტრუქტურა, შეიცვლება გარემო და, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი – ინფრასტრუქტურის შეცვლით დაგვემატება ახალი სერვისები. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ავიაკომპანიებისთვის, მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ შემოსულა. სახელმწიფოსთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია და, ჩემი აზრით, სამართლიანიც არის ის, რომ შეიცვლება შემოსავალი. შემოსავლის ის ნაწილი, რასაც აეროპორტების გაერთიანება დღემდე TAV Georgia-სგან იღებდა, თითქმის სამჯერ უფრო მეტი იქნება. მნიშვნელოვანია პირველადი კონცესიის ერთჯერადი გადასახადი – 25 მილიონი დოლარი, რომელიც კონტრაქტის ძალაში შესვლისთანავე ჩაირიცხება აეროპორტების გაერთიანებაში. ამასთან, იცვლება კონცესიის წლიური გადასახადიც და ის უფრო მეტი იქნება, ვიდრე ადრე იყო. ამიტომ ვფიქრობ, ეს კონტრაქტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვისაც. ამავე დროს, ეს არის მარკეტინგის ნაწილი ავიაკომპანიებისთვის – უფრო მეტი ფინანსური ვალდებულება დაგვეკისრა, რათა მოვიზიდოთ და წავახალისოთ ის ავიაკომპანიები, რომლებსაც სურვილი აქვთ იფრინონ საქართველოში, რაც ასევე ყველაზე დიდი ბენეფიტია“, – ამბობს თეა ზაქარაძე.
აღსანიშნავია, რომ TAV საქართველოში რამდენიმე კომპანიით არის წარმოდგენილი და სტაბილურობის კუთხით მათთვის მნიშვნელოვანი იყო კითხვებზე პასუხის მიღება.
„ჩვენი 1950 დასაქმებულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სცოდნოდათ, რა იქნებოდა ხვალ. ბევრი კითხვა მოდიოდა, რაც ჩემთვის რთული იყო, რადგან როცა რაღაც მთავრდება, თითქოს ადამიანები ეშვებიან. ახლა კითხვაზე პასუხი გაცემულია და ჩვენი ოპერირება საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 2031 წლის ბოლომდე გაგრძელდება. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებას გააგრძელებს მანამ, სანამ ვაზიანის აეროპორტი არ გაიხსნება. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ვაზიანის აეროპორტს – ჯერ მშენებლობა არ დაწყებულა, თუმცა ბუნებრივია, ეს პროცესი გვაინტერესებს და მზადყოფნაში ვართ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ბოლომდე საუკეთესო ფორმაში იყოს“, – აღნიშნა ზაქარაძემ.
როგორც ცნობილია, TAV Georgia-სა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული მიმდინარე კონტრაქტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაში სრულდება 2027 წლის იანვარში, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაში — 2027 წლის აგვისტოში. თუმცა განახლებული კონტრაქტი TAV Georgia-ს ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2032 წლამდე ახანგრძლივებს, ხოლო ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში ოპერატორი კომპანია კონტრაქტის განახლებისთვის მთავრობასთან ინტენსიურად მუშაობს.
ოპერირების 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში TAV Georgia-მ უკვე განახორციელა 240 მლნ დოლარის ინვესტიცია, ხოლო ახალი კონტრაქტით დამატებით 150 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„დიახ, 240 მლნ დოლარის ინვესტიცია ამ წლების განმავლობაში უკვე განხორციელდა. ახალი კონტრაქტით კი 150 მლნ დოლარის ინვესტიციას განვახორციელებთ. 150 მლნ დოლარის ინვესტიციით 20 000 კვ/მ-ით გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.
დღეს გვაქვს 37 000 კვ/მ, პლუს 20 000 კვ/მ, ანუ გახდება 57 000 კვ/მ. პროექტის მიხედვით ემატება ხუთი გასასვლელი – სამი ხიდი, თუმცა ორი ხიდი ორი გასასვლელით. ეს ნიშნავს, რომ ორმა საჰაერო ხომალდმა ისინი ერთდროულად გამოიყენოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ლაუნჯის ნაწილი ბიზნეს მგზავრებისთვის.
პანდემიის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა ბიზნეს-ავიაციამ, კერძო ჩარტერებმა და გალფის ქვეყნებიდან მომდინარე მოთხოვნამ, რის გამოც ლაუნჯი აეროპორტში ნომერ პირველ საჭიროებად იქცა. დღეს ჩვენი ორივე ლაუნჯი მოიცავს 650 კვ/მ-ს, ახალ ლაუნჯში კი სივრცე 1 300 კვ/მ იქნება. ის განთავსდება ცალკე შენობაში, ცალკე შესასვლელით. ბიზნეს და VIP მგზავრებს შეეძლებათ ცალკე შესასვლელით ისარგებლონ ისე, რომ აეროპორტის ცენტრალურ ნაწილში არ მოხვდნენ. ასევე დაემატება 10 სარეგისტრაციო დახლი, ელექტრონული გასასვლელები, ხოლო მოფრენის მხარეს ტერმინალი გაგრძელდება 170 მეტრით, ხოლო გაფრენის მხარეს – 70 მეტრით“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.
მისივე თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი ფასადის შეცვლასაც ითვალისწინებს.
„დაემატება შვიდი სადგომი. დღესდღეობით გვაქვს 58 C კოდის სადგომი და დაემატება შვიდი ახალი C კოდის სადგომი. ეს არის ის, რაც 150 მლნ დოლარიან პროექტში იგეგმება. ამის პარალელურად ვაგრძელებთ დაგეგმილ მეინთენენსებს. უკვე დაგეგმილია 2026 წლისთვის პროექტები, რომლებიც ეხება ახალ ტექნიკას – ბათუმისთვის თოვლსაწმენდ მანქანებს, თბილისისთვისაც თოვლსაწმენდ მანქანებს. მიუხედავად იმისა, რომ წელს ზამთარი საკმაოდ ძლიერი იყო და მომზადებულებიც ვიყავით, გარკვეული სირთულეები მაინც გვქონდა, ამიტომ ტექნიკის დამატება აუცილებელია. აეროპორტის ტექნიკა საკმაოდ ძვირია – თითო მანქანის ფასი 0,8–1 მლნ ევროდან იწყება. შესაბამისად, პროექტი გაგრძელდება და ვფიქრობ, სამშენებლო სამუშაოები მარტი–აპრილში დაიწყება. აეროპორტში ბევრი ახალი სივრცე გაჩნდება, გაიხსნება ახალი, მათ შორის ქართული რესტორნები. Duty Free ფართი გაიზრდება და პირველად საქართველოში შემოვა ახალი ბრენდები“, – აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.