TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანების, MEDEF-ის დელეგაციას შეხვდა და კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მან ყურადღება გაამახვილა ტავ ჯორჯიას 20-წლიანი საქმიანობის შედეგებზე, მგზავრთნაკადის ზრდის უპრეცედენტო მასშტაბზე, განხორციელებულ და დაგეგმილ ინვესტიციებზე და აეროპორტების გაფართოების პროექტებზე.

ახალი შეთანხმების მიხედვით, რომელიც 15 იანვარს საქართველოს მთავრობასთან გაფორმდა, ტავ ჯორჯია ვალდებულებას იღებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებასა და განვითარებაში 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს. მოლაპარაკებები გრძელდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებასა და კონცესიის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებითაც.

Mouvement des Entreprises de France (MEDEF) არის საფრანგეთის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს-ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის კერძო სექტორის ინტერესებს ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში. ის ფრანგული ბიზნესის მთავარი პლატფორმაა სახელმწიფოსთან, პროფკავშირებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგისთვის. აღნიშნულ შეხვედრას MEDEF-ის წევრი 20-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.