თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაზრდისთვის დამატებით 400 ათას ევროს ხარჯავს. როგორც Forbes-კვირის ეთერში TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა, აღნიშნული თანხა პარკინგის (Carpark) განახლებას ხმარდება, რაც მგზავრებისთვის დიდი კომფორტი იქნება.
„თბილისში არაერთი პროექტი განვახორციელეთ და გვინდოდა, იმ სტრესის მერე, რაც მგზავრმა მიიღო პანდემიის პერიოდში, სიახლეები გვქონოდა. ამიტომ, დავიწყებ მანქანების სადგომით, ე.წ „ქარპარკით“, რომელიც სრულად განახლდა და ამაში 400 ათასი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ამ დროისათვის აქვს 4 „ქარპარკი“, საიდანაც ერთი არის პერსონალის და სამი – მგზავრებისთვის. ეს იქნება ძალიან დიდი კომფორტი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტომობილების სადგომი გათვლილია 1100 ავტომობილზე მგზავრებისთვის და 250 ადგილზე პერსონალისთვის. მთლიანად ამ სისტემის განახლება ხდება“, – აცხადებს თეა ზაქარაძე.