სამოქალაქო ავიაციის დღესთან დაკავშირებით თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია ტავ ჯორჯიამ თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები დააჯილდოვა. მათ სასწავლო სტიპენდიები გადაეცათ, რომლითაც საავიაციო უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსდებათ. წელს აკადემიური მოსწრებისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით შეირჩა 5 სტუდენტი, რომლებიც უნივერსიტეტში საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკურ ექსპლუატაციას, საფრენი აპარატების დაპროექტებასა და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტს ეუფლებიან.
გარდა სტიპენდიების კომპონენტისა, რაც სტუდენტებისთვის დიდი ფინანსური შეღავათია, ტავ ჯორჯია და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი შესაბამისი მემორანდუმის ფარგლებში უკვე წლებია ერთობლივად მუშაობენ სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებაზე და საავიაციო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებაზე. ეს თანამშრომლობა გულისხმობს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის აეროპორტის მგზავრთა მომსახურებისა და ფრენების ოპერირების სამსახურებში სამუშაო პრაქტიკის შეთავაზებას, რაც სტუდენტებს სასწავლო კრედიტებში ეთვლებათ, ტავ ჯორჯია კი სამუშაო საათებში მათ კვებას უზრუნველყოფს. შესაბამისი სტაჟირების პროგრამები ეტაპობრივად ცხადდება. წარმატებული სტაჟირების შემდეგ ტავ ჯორჯია წარჩინებულ სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობებს სთავაზობს.
ტავ ჯორჯია საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ააშენა და განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი – თბილისსა და ბათუმში. ამ 20 წლის განმავლობაში კომპანია დიდ რესურსს დებდა კადრების განვითარებაში. დღეისთვის ტავ ჯორჯიას 1900-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. გარდა საავიაციო სფეროს სტაჟიანი და ღირებული კადრების შენარჩუნებისა, კომპანია დიდ რესურსს დებს ასევე ახალგაზრდების ხელშეწყობაში, რომლებიც საკუთარ მომავალს საავიაციო სფეროში ხედავენ.