თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ის გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ საავიაციო უნივერსიტეტის ხუთ სტუდენტს სწავლის გადასახადის დასაფინანსებლად TAV-ის სტიპენდია გადასცა.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორსა და სტუდენტებს, TAV Georgia-ის ხელმძღვანელობამ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს XX საუკუნის თბილისის აეროპორტის ფოტოისტორიის გამოფენა, რომელიც ავიაციის დღესთან დაკავშირებით გაფრენის ტერმინალში მოეწყო.
TAV Georgia საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ყოველწლიურად უნივერსიტეტის ათობით სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ასაქმებს.
“ჩვენ ვთანამშრომლობთ არა მარტო საავიაციო უნივერსიტეტთან, ასევე სხვა უნივერისტეტებთან. ჩვენი მიზანია, მეტი ახალგაზრდა დავასაქმოთ აეროპორტში, რადგან აეროპორტი ვითარდება, შესაბამისად, კადრებსაც განახლება სჭირდება“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.
TAV Georgia-ის გენერალურმა მენეჯერმა საავიაციო სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს სამოქალაქო ავიაციის დღე მიულოცა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით 1994 წლიდან აღინიშნება.
“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.