თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო ოპერატორმა კომპანია TAV Georgia საქართველოს მთავრობისგან იმ 7 თვიანი პერიოდის, როდესაც აეროპორტები ფაქტობრივად გაჩერებული იყო, ფორსმაჟორად აღიარებას ითხოვს.

COVID-19-ის პანდემიის ფონზე სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი რამდენიმე თვის განმავლობაში გაჩერებული იყო, შესაბამისად ოპერატორი კომპანია, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ახორციელებდა მასზეც დაკისრებულ მოვალეობებს.

როგორც ირკვევა, TAV Georgia-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აღნიშნული პერიოდის ფორსმაჟორად აღიარებისთვის უკვე მიმართა. 

“ამ ეტაპზე ეს ნამდვილად არის ფორსმაჟორული სიტუაცია. ჩვენ ვაწარმოებთ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებს ამ თემებთან დაკავშირებით – ეკონომიკის სამინისტროსთან. ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ასევე და ვფიქრობ, რომ ამის აღიარება მოხდება. უნდა მოხდეს ყოველშემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობთ უმოკლეს ვადაში. ფაქტობრივად მარტის დასაწყისიდან აეროპორტი არის დაკეტილი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შემცირებულია 98%-ით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაში კი პრაქტიკულად 100%-ით. ასე, რომ ფორსმაჟორი სხვა მეტი არაფერი არ არის”,- განაცხადა TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ “საქმიანი დილის” ავიაციის რუბრიკაში საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2027 წლის 21 იანვრამდე აქვს.