იაპონურმა კორპორაცია Sojitz-მა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გეგმები გამოაცხადა. მოლოდინების მიხედვით, 2028 წლისთვის ის ცენტრალურ აზიაში ყველაზე მსხვილი საავიაციო კვანძი გახდება. ობიექტის მშენებლობის დაწყება, რომლის ღირებულება $1 მილიარდია, მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

პროექტი განხორციელდება საუდის არაბეთის კომპანია Vision Invest-თან სახელმწიფო-კერძოპარტნიორობის ფარგლებში. ამასთან, იაპონიის ფინანსური წვლილი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი იქნება.

Express Asia-ს მონაცემებით, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ახალი საავიაციო ჰაბი წელიწადში 20 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება და საათში 40-ზე მეტი საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს.

2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, უზბეკეთში 54 იაპონური კომპანია ოპერირებს, რაც 2019 წელთან შედარებით ორჯერ მეტია. მიმდინარე წლის ივნისში Sojitz-მა ტაშკენტში თავისი პირველი ოფისი გახსნა. მანამდე კომპანია მონაწილეობდა საერთაშორისო აეროპორტების მშენებლობაში კუმამოტოსა და ოკინავას პრეფექტურებში, ასევე პალაუს კუნძულებზე.