ტაილანდის სასტუმროების ინდუსტრიამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად განიცადა კლება. კვლევითი ცენტრის, Kasikorn Research Center-ის პროგნოზით, 2025 წელს სასტუმროების შემოსავლები 4.5%-ით შემცირდება, რაც ტურისტული ნაკადის შემცირებით, დატვირთულობის დონის კლებითა და საოპერაციო ხარჯების ზრდით არის განპირობებული.

ექსპერტების მონაცემებით, სამეფოში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 2025 წელს 9%-ით შემცირდება და დაახლოებით 32.2 მილიონ ადამიანს შეადგენს. ასევე მოსალოდნელია უცხოელი სტუმრების ქვეყანაში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობის შემცირებაც.

2025 წლის პირველ შვიდ თვეში ტაილანდური სასტუმროების საერთო დატვირთულობამ 71.66% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია. ვარაუდობენ, რომ წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 2.3%-ით, 69.8%-მდე შემცირდება. ასევე 4%-ით დაიკლებს ნომრის საშუალო ფასი.

უარყოფითი იქნება შეხვედრებისა და სემინარების ჩატარებიდან მიღებული შემოსავლების დინამიკაც, რაც წინა წელთან შედარებით საერთაშორისო ღონისძიებებისა და კონცერტების რაოდენობის შემცირებით აიხსნება. 2025 წლის პირველ ნახევარში როგორც შიდა, ისე საერთაშორისო შეხვედრებისა და სემინარების რაოდენობა უკვე 13%-ით შემცირდა.

ამასთანავე, სასტუმროების ოპერატორები საოპერაციო ხარჯების ზრდას აწყდებიან, განსაკუთრებით კი ხელფასების ფონდის კუთხით. მიუხედავად ამისა, სუსტი ტურისტული ბაზრისა და მაღალი კონკურენციის გამო, მათ ამ ხარჯების სრულად ტურისტებზე გადატანა არ შეუძლიათ.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ვარდნის გავლენა ინდუსტრიის მასშტაბით არათანაბარია. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ის სასტუმროებია, რომლებიც უცხოელ ტურისტებზე არიან დამოკიდებული, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ბანგკოკი, ჩონბური, სონგხლა და ჩიანგმაი, სადაც თავისუფალი ნომრების დიდი რაოდენობის გამო მაღალი კონკურენციაა.

ყველაზე მეტად დაზარალდებიან სასაზღვრო რეგიონებში მდებარე სასტუმროებიც, როგორებიცაა საკეოსა და უბონრატჩათანის პროვინციები, რადგან მათზე გავლენას ახდენს ტაილანდისა და კამბოჯის საზღვარზე არსებული დაძაბულობა.