სტამბოლში, ყოფილი ათათურქის სახელობის აეროპორტის ტერიტორიაზე, ქალაქის უდიდესი პარკი გაიხსნა, რომელიც თურქეთში ყველაზე დიდი მწვანე სივრცეა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

პროექტი განხორციელდა თურქეთის ეკოლოგიის სამინისტროსა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ადმინისტრაციის (TOKI) მიერ, დევიზით: „სტამბოლის სუნთქვა – ბაღი ხალხისთვის“.

პარკი მოიცავს 1.2 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს და გათვლილია 165 ათასზე მეტი ადამიანის ერთდროულად მასპინძლობაზე. ის განკუთვნილია როგორც დასვენებისთვის, ასევე საგანგებო სიტუაციებში ადგილობრივი მოსახლეობის თავშესაფრად გამოყენებისთვის.პარკში მოწყობილია ცხრა შესასვლელი და განთავსებულია საგამოფენო დარბაზი, სახელოსნოები, უფასო სასადილო, რესტორანი და ბიბლიოთეკა. მთავარი ღონისძიებების მოედანი 28 ათას სტუმარს იტევს.

პარკში 20 ათასზე მეტი ხე დაირგო, მოეწყო სათბურები და სავაჭრო პავილიონები.

მთელ ბაღს კვეთს 2.5 კმ სიგრძის „აბ-ი-ჰაიათის“ ნაკადული, რომელიც აღჭურვილია ეკოლოგიური წყლის მიმოქცევის სისტემით და იყენებს მზისა და ქარის ენერგიას.

მოწყობილია 12 ჩოგბურთის კორტი, 11 კალათბურთის და 6-6 ფრენბურთისა და ფეხბურთის მოედანი.  გათვალისწინებულია ავტოსადგომი 4 ათასი ავტომობილისთვის.

პარკის შვიდი ბორცვი სტამბოლის ისტორიულ რაიონებს (სარაიბურნუ, სულეიმანიე, ფათიჰი, იავუზ-სელიმი, ედირნექაფე, ქოჯამუსტაფაფაშა და ჩემბერლითაში) განასახიერებს.