გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი სტამბოლი საკმაოდ მრავალფეროვანი ქუჩის კვების კულტურით გამოირჩევა. სტამბოლში საუკუნეების მანძილზე მრავალი კულტურა თანაარსებობდა, რაც ქალაქის საინტერესო კულინარიული სიმდიდრის შექმნის საფუძველი გახდა.
ქუჩის საკვებს მიირთმევენ ყველგან – ზღვაზე, ქუჩაში, ქალაქის რესტორნებში, სადაც თურქი მზარეულები ტრადიციული და თანამედროვე კერძების შესანიშნავ მიქსს გვთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ სტამბოლი მიშელინის საერთაშორისო გზამკვლევის 38-ე მიმართულებად აირჩიეს, რამაც კულინარიულ სფეროში მისი რეპუტაცია კიდევ უფრო განამტკიცა.
გიწვევთ სტამბოლში 10 ყველაზე პოპულარული ქუჩის კერძის დასაგემოვნებლად, რომლებიც ჯანსაღთან ერთად, ამავდროულად, არის ძალიან იაფი.
დონერ-ქაბაბი
მსოფლიოში დღეს ყველაზე პოპულარულ ქუჩის კერძებს შორისაა დონერ-ქაბაბი, რომელიც ძირითადად თხელი პურისგან, სტეიკისგან, პომიდვრისგან, ხახვისგან და მწვანილისგან შედგება. იგი მზადდება ცხვრის, ძროხის ან ქათმის ხორცისგან. მას რესტორნებში ხშირად მიირთმევენ ბრინჯთან ერთადაც. დონერ-ქაბაბის ასე დაგემოვნება შეგიძლიათ სულთანაჰმედის, ემინონუს, ბეშიქთაშისა და უსკუდარის კულტურულ რაიონებში.
სიმითი
ცხელ და ხრაშუნა სიმითს სტამბოლში ყველგან ნახავთ. სიმითი არის თურქული წარმოშობის სეზამის მარცვლებმოყრილი ბლითი და იგი თურქული საუზმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ზემოდან მას აქვს ხრატუნა ქერქი, შიგ კი ჰაეროვანი რბილობი, რომელსაც თაფლში ან მურაბის წვენში ავლებენ და შემდგომ მიირთმევენ. იგი იყიდება ყველგან, საცხობებში, თონეებში, რესტორნებში და სხვ. სიმითს სტამბოლში ნამყოფი ყველა ტურისტი კარგად იცნობს.
მიდიები
მიდიები ძალიან პოპულარულია სტამბოლსა და თურქეთის ყველა სანაპირო ქალაქში. ეს გემრიელი კერძი სავსეა ბრინჯით, ხახვით, მარილით, ბევრი სანელებლებითა და ლიმონის წვენით. მიდიების შეკვეთა შესაძლებელია როგორც რესტორნებში, ისე სანაპირო ქუჩებში, მოვაჭრეების მიერ, რომლებიც კერძს პორციებად მოგართმევენ. იგი ქალაქში ხელმისაწვდომია ყველგან, განსაკუთრებით კი სტამბოლის ცნობილ რაიონებში, როგორიცაა მაგალითად, ბეიოღლუ და უსკუდარი.
კოკორეჩი
სტამბოლელებს განსაკუთრებით უყვართ თურქული კერძი – კოკორეჩი, რომელიც ჩვეულებრივ, სტამბოლის ქუჩებსა და მაღაზიებში იყიდება. ეს არის ცხვრის ნაწლავებისგან დამზადებული და ღია ცეცხლზე შემწვარი სენდვიჩი. ზოგიერთ რესტორანში აღნიშნული კერძის ცხარე ვერსიასაც გვთავაზობენ, რომელიც საოცრად გემრიელია. აქედან გამომდინარე, სტამბოლი ამ კერძის გასინჯვის გარეშე, უბრალოდ არ უნდა დატოვოთ!
წაბლი
თუ სტამბოლის ქუჩებში შემწვარ წაბლს ნახავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოდგომა უკვე დადგა. როგორც კი ამინდები ცივდება, ქალაქის ქუჩები ცეცხლზე შემწვარი წაბლის გემრიელი სუნებით ივსება. წაბლის გამყიდველებს ძირითადად შეხვდებით ისტიკლალის, ბაღდატისა და სტამბოლის სხვა ცნობილ ქუჩებში
კუმპირი
სტამბოლის ფასთფუდებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძია კუმპირი, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი კარტოფილია. დიდ კარტოფილს ამზადებენ ნახშირზე და შიგნით ათავსებენ კარაქს, ზეთისხილის მწნილებს, ყველს და ასევე შესაძლოა დაამატონ ის, რაც კლიენტს სურს იმ მომენტში. მიუხედავად იმისა, რომ კუმპირის მირთმევა სტამბოლში თითქმის ყველგანაა შესაძლებელი, მის საჭმელად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მაინც ორთაქოია.
თევზი და პური (Balık Ekmek)
თევზი და პური არის სტამბოლის ერთ-ერთი ტრადიციული კერძი, რომელიც შემწვარი კერძისგან, ხახვისგან და სხვა ბოსტნეულებისგან შედგება. იგი ქალაქში ხელმისაწვდომია თითქმის ყველგან, თუმცა აღნიშნული დელიკატესი უფრო სასიამოვნოდ ზღვასთან მიირთმევა.
ბორეკი
აღსანიშნავია თურქული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი ბორეკი. ეს არის უგემრიელესი ღვეზელი, რომელშიც ძირითადად შედის ფქვილი, ყველი, ისპანახი და კვერცხი. ამ კერძის მომზადებით სტამბოლში განსაკუთრებით გამოირჩევა სარიერის უბანი.
ქათამი ბრინჯით
საინტერესოა ქათმის და ბრინჯის კერძი, რომელსაც სტამბოლის ქუჩებში ხშირად მოგართმევენ მწნილითა და თურქული აირანით.
მწნილის წვენი
მწნილის წვენი შედარებით უცნაური, მაგრამ საინტერესო და ძალიან ჯანსაღი სასმელია სტამბოლის ქუჩებში. მარილიან წვენს, რომელიც შედგება წვრილად დაჭრილი მწნილის ნაჭრებისგან, პატარა ჭიქებში მიირთმევენ. მისი შეძენა სტამბოლის ბაზრობებზე ყველგან შეგიძლიათ.