აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარე მომაჯადოებელი ქალაქი სტამბოლი უამრავ სანახაობას სთავაზობს ხელოვნების, მუსიკისა და კულტურის მოყვარულთ. ამ მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით ცნობილ ქალაქში თანამედროვე და ანტიკური სამყარო ერთმანეთს ერწყმის.
აია-სოფია –მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდებული არქიტექტურული ძეგლი
თუ გსურთ სტამბოლის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობას გაეცნოთ, ვერაფერი შეედრება აია-სოფიას – ღვთის სადიდებელად აღმართულ მსოფლიო არქტიტექტურის ერთ-ერთ შედევრს.
აია-სოფია მეექვსე საუკუნეში ააგეს, როგორც ქრისტიანული ტაძარი და მას „წმინდა სიბრძნის ეკლესია“ უწოდეს. ეს შენობა ბიზანტიური ხელოვნების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია. მოგვიანებით ტაძარი ისლამურ მეჩეთად გადააკეთეს, შემდეგ მუზეუმად, დღეს კი აქ ისევ მეჩეთია. შენობის შიგნით მნახველს ატყვევებს უზარმაზარი გუმბათი, ოქროს მოზაიკები და 140 მონოლითური მარმარილოს სვეტი, რომლებიც ეგვიპტიდან, ეფესოდან და მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან ჩამოიტანეს. აია-სოფია ის ძეგლია, რომელსაც სტამბოლში ჩამოსული ტურისტი გვერდს ვერ აუვლის. ტურისტი კი ყოველ წელს მილიონობით ჩამოდის.
სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმები
აია-სოფიადან სულ რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარეობს ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული კომპლექსი: არქეოლოგიური მუზეუმები.
ეს მუზეუმების კომპლექსი სამ ნაწილად იყოფა და მის საგამოფენო დარბაზებში გამოფენილია 500 ათასი არტეფაქტი, რომლებიც მსოფლიო ისტორიის ყველა ეპოქას, კულტურასა და ცივილიზაციას წარმოადგენს.
არქეოლოგიურ განყოფილებაში ელინისტური პერიოდისა და ძველი რომის დროინდელ უამრავ არტეფაქტს იხილავთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აუაროთ გვერდი სახელგანთქმულ სიდონის სარკოფაგს.
აქ ყველაფერია წარმოდგენილი: სარკოფაგი, ქანდაკებები, მუმიები, თიხის ფირფიტები. ზოგიერთი მათგანი კაცობრიობის ისტორიის გარდამტეხ მომენტებს ასახავს. თუ თავგადაკლული რომანტიკოსი ხარ, ნუ გამოტოვებ მსოფლიოს ყველაზე ადრეულ სასიყვარულო პოემას, რომელიც შუმერულ ეპოქაში შეიქმნა და ნაყოფიერების წმინდა რიტუალების დროს გამოიყენებოდა.
სტამბოლი -კულტურის შერწყმა
სტამბოლი ის კულტურული ჰაბია, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს, წარსულსა და თანამედროვეობას აკავშირებს ერთმანეთთან. ამ ქალაქში არის ერთი ადგილი, რომელიც კულტურის მოყვარულთ ერთ ჭერქვეშ უყრის თავს. ათათურქის კულტურის ცენტრი, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების კულტურის კლასიკური ნიმუშია, 1970 წელს ხანძარმა გაანადგურა. მაგარმ ის ფენიქსივით აღდგა ფერფლიდან 2021 წელს.
ამ ცენტრში არის ოპერა, თეატრი, ხელოვნების გალერეა, მრავალფუნქციური დარბაზები და სივრცეები, ეს ადგილი ყველას აძლევს შესაძლებლობას, რომ ყოფით რუტინას დააღწიოს თავი და მაქსიმალურად განიტვირთოთ.