ოქროს რქა, იგივე ჰალიჩი (თურქ. Haliç) – ზღვის წვრილი ყურე სტამბოლში, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვანი ურბანული სანაოსნო გზა და მთავარი შესასვლელია ბოსფორში. უნდა ითქვას, რომ მისი მიმდებარე ტერიტორია სტამბოლის ერთ-ერთ ულამაზეს მარშრუტს წარმოადგენს. „ოქროს რქა“ სახელს რქის ფორმის სანაპიროდან იღებს, “ოქროსი” კი იმიტომ დაარქვეს, რომ, როგორც ამბობენ, ყოველი მზის ჩასვლისას ყურის წყალი ხდება ოქროსფერი.
აქ არსებული არქეოლოგიური ძეგლები გვიჩვენებს „ოქროს რქისა“ და მისი მიმდებარე ტერიტორიის მნიშვნელოვან ურბანულ ყოფას, რომელიც ძვ. წ. VII საუკუნით თარიღდება. აღმოჩენილია მცირე ზომის დასახლებები, რომლებიც ჯერ კიდევ ძვ. წ. 6700 წლით თარიღდება, ასევე უძველესი პორტები და სავაჭრო ხომალდები, რომლებიც იენიქაფის მეტროსადგურის სამშენებლი სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.
სინამდვილეში, “ოქროს რქის” მიერ უზრუნველყოფილი ღრმა ბუნებრივი ნავსადგური ადგილობრივი მკვიდრებისა და რომაელებისთვის ყოველთვის წარმოადგენდა ეკონომიკურ და სტრატეგიულ სამხედრო უპირატესობას. არსებული ცნობით, შემდეგ რომაელებმა სანაპიროზე დაარსეს „ნოვა რომა“ (ახალი რომი), რამაც შემდგომში, ბიზანტიონში, კონსტანტინოპოლსა და ბოლოს, სტამბოლში ჰპოვა განსახიერება. ასე რომ, “ოქროს რქა” თავისი ბუნებრივი ნავსადგურით ოდესღაც მნიშვნელოვანი პორტი იყო, სადაც ოსმალეთისა და აღმოსავლეთ რომის იმპერიების სავაჭრო ფლოტები იმაგრებდნენ თავს.
დღეს მას გააჩნია მულტიკულტურული სტრუქტურა, რომელიც შედგება მეჩეთების, ეკლესიების, სინაგოგებისა და სხვა რელიგიური თუ კულტურული დატვირთვის მქონე შენობებისგან. დროთა განმავლობაში “ოქროს რქამ” გადაიტანა უამრავი ისტორიული მოვლენა, რაც უნდა ითქვას, რომ ხელოვანებისთვის მრავალი ნამუშევრის შექმნის წყარო გახდა.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლის ღონისძიება, იგივე Contemporary Istanbul სწორედ ამ რეგიონში იმართება. ღონისძიებაზე ყოველწლიურად თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშების წარმოდგენა და მათი გაცნობა ხდება ტურისტებისთვის. იგი სტუმრებს 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
ფენერ-ბალათი და მისი ფერადი ქუჩები
ფენერი და ბალატი სტამბოლის ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავ ადგილებს შორის მოიაზრება, სადაც, ფაქტობრივად, ძველი და ახალი შენობები ერწყმის ერთმანეთს. ფენერს მრავალი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია. მთავარი მოედანი არის ფერადი და იგი მრავალი ტურისტული კაფეებისა და რესტორნებისგან შედგება. ამასთან, მთელ ტერიტორიაზე არის ანტიკვარული მაღაზიები და სხვ. ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს წმინდა სტეფანეს ბულგარული მართლმადიდებლური ეკლესია და ბერძნული აკადემია.

აღსანიშნავია, რომ ფენერში მე-16 საუკუნიდან მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე ბერძნები ცხოვრობდნენ, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ემსახურებოდნენ ოსმალეთის იმპერიას და მაღალი თანამდებობებიც ეკავათ. ამიტომ აქ ბერნული კვალი ნათლად ჩანს.
ბალათი
ფენერთან ახლოს მდებარეობს ბალათი, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ძირითადად სეფარდი ებრაელები ცხოვრობდნენ. 1948 წელს ისრაელის დაარსების შემდეგ მათი უმეტესობა ახალ სამშობლოში წავიდა, თუმცა დღესაც ცხოვრობს აქ ებრაელი მოსახლეობა.
ფენერის მსგავსად ბალათის რაიონშიც მრავლადაა ფერადი კაფეები, რესტორნები და ანტიკვარული მაღაზიები, რომლებიც ტურისტებისთვის განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენს. აქ ებრაული მემკვიდრეობის კვალი მკვეთრად იკვეთება, რადგან თქვენ ნახავთ ძველ ებრაულ ინსტიტუტებს, სინაგოგებს, იგივე ებრაელთა სამლოცველოებს, ასევე ეკლესიებსა და სხვ.
პიერ ლოტის გორა
“ოქროს რქის” ტერიტორიაზე ნახავთ ასევე პიერ ლოტის გორას, რომელიც ყურეს ზემოდან გადაჰყურებს. მას ცნობილი ფრანგი მწერლისა და მოგზაურის პიერ ლოტის სახელი ეწოდა, რომელმაც არსებული ცნობით, საკუთარი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ სტამბოლში გაატარა. აქვე გეტყვით, რომ გორაზე მისვლა ქალაქში შესაძლებელია საბაგიროებით.
მთლიან კომპლექსში განთავსებულია ისტორიული კაფე, რესტორანი “აზიადე”, მწვანე კაფე, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ კერძები, დესერტები, სალათები, ცივი და ცხელი სასმელები და სხვ. ასევე მრავლად არის სასტუმროები, რომლებიც დიდი ტევადობით გამოირჩევიან.