ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საავიაციო ანგარიშის“ თანახმად, სტამბოლის აეროპორტმა ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტის სტატუსი მოიპოვა. მონაცემების მიხედვით, 23-დან 29 მარტამდე პერიოდში აეროპორტში ფრენების საშუალო დღიურმა ინტენსივობამ 1436 რეისი შეადგინა.
რეიტინგში სტამბოლის აეროპორტს მოჰყვება ამსტერდამის აეროპორტი დღეში საშუალოდ 1280 ფრენით, ლონდონის ჰითროუ – 1266 რეისით, პარიზის შარლ დე გოლი – 1261-ით, ხოლო მადრიდის აეროპორტი დღიურად 1230 რეისს ემსახურებოდა.
სტამბოლის აეროპორტის პირველი ეტაპი 2018 წლის 29 ოქტომბერს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ აეროპორტის მშენებლობის ტენდერში კომპანიების კონსორციუმმა (Limak-Kolin-Cengiz-MaPa-Kalyon) 26,14 მილიარდი ევროს ღირებულების წინადადებით გაიმარჯვა.










