ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, რეგიონის ორმა უმსხვილესმა ავიაგადამყვანმა – Etihad-მა და Qatar Airways-მა – ლოიალობის პროგრამების პირობები გადახედა. ცვლილებების მიზანია იმ მგზავრების მხარდაჭერა, რომლებსაც ფრენების შემცირებისა და გეგმების იძულებითი ცვლილების გამო სტატუსის დაკარგვის საფრთხე შეექმნათ.
ექსპერტების შეფასებით, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთის ტურიზმისა და ავიაციის სექტორს დღეში საშუალოდ 515 მილიონ ევროს აზარალებს. გარდა ამისა, ნავთობის მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია საავიაციო ნავთის გაძვირება, რაც პირდაპირ აისახება ბილეთების ფასებზე.
Etihad-ი სტატუსის მისაღებად საჭირო მილების რაოდენობას ამცირებს
ავიაკომპანია Etihad-მა გამოაცხადა, რომ Etihad Guest-ის პროგრამის ყველა დონისთვის სტატუსის შესანარჩუნებელი ან მოსაპოვებელი ზღვარი 25%-ით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მგზავრებს გაცილებით ნაკლები მილის დაგროვება დასჭირდებათ მიმდინარე სტატუსის შესანარჩუნებლად ან შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად.
ეს შეღავათიანი პირობები 2027 წლის 31 მარტამდე იმოქმედებს. კომპანიის განცხადებით, ცვლილება ავტომატურად აისახება ყველა მომხმარებლის პროფილზე და დამატებითი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
Qatar Airways-ი წევრობის სტატუსს ახანგრძლივებს
ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო Qatar Airways-მაც. დოჰაში ბაზირებულმა ავიაკომპანიამ Privilege Club-ის წევრებს აცნობა, რომ სტატუსი ავტომატურად გაუგრძელდებათ მათ, ვისაც განახლების პერიოდი მიმდინარე კრიზისს დაემთხვა.
ავიაკომპანია ინდივიდუალურად დაუკავშირდება ელექტრონული ფოსტით ყველა იმ მგზავრს, ვისზეც აღნიშნული შეღავათი გავრცელდება. გარდა ამისა, გადამყვანი აქტიურად მუშაობს გაუქმებული ჯავშნების მოგვარებასა და თანხის დაბრუნების მოთხოვნებზე, რაც ბოლო კვირებში ფრენების განრიგის შეფერხებამ გამოიწვია.












