სოხუმის განახლებული აეროპორტიდან რეისები რუსეთის შვიდი ქალაქის მიმართულებით შესრულდება, – ამის შესახებ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.
„აეროპორტის გახსნის შემდეგ, ჩვენ ვგეგმავთ ფრენების განხორციელებას რუსეთის დაახლოებით შვიდ ქალაქში. ვფიქრობთ, რომ პირველ წელს ეს გაზრდის ნაკადს მინიმუმ 50 პროცენტით“ – თქვა მან.
სოხუმის აეროპორტი აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. ის 1960-იან წლებში აშენდა და 1993 წლამდე ვიდრე დაიხურებოდა, დღეში ხუთ ათასამდე მგზავრს იღებდა.
გასული წლის ოქტომბერში აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობამ აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმება გააფორმა რუსულ კომპანია Infrastructure Development-თან. ბჟანიამ მაშინ განაცხადა, რომ მისი გახსნა 2024 წლის 31 დეკემბერს იგეგმება, ხოლო პირველი საცდელი ფრენა ივლისში განხორციელდება.