რუსეთსა და აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას შორის, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, შესაძლოა წელს მთავრობათაშორისი შეთანხმება გაფორმდეს. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა გააკეთა.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომელსაც ამჟამად განვიხილავთ, არის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქცია და რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. მოგეხსენებათ, ის შეწყდა 1992-1993 წლებში აფხაზეთის მოსახლეობის სამამულო ომის დაწყების გამო“, – განაცხადა ოკუპირებული რესპუბლიკის მინისტრმა.
მისი თქმით, რუსულ მხარესთან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან, ტრანსპორტის სამინისტროსთან ერთად, აეროპორტის მუშაობის განახლება დეტალურად მუშავდება. უკვე მომზადებულია „მთავრობათაშორისი“ შეთანხმების პროექტიც.
„ველოდებით, რომ მას წელს მოეწერება ხელი. დაგეგმილია პროექტის განხორციელება ორი წლის განმავლობაში“, – დასძინა ოზგანმა და თავად ფრენების დაწყების ზუსტი დრო არ დააკონკრეტა.
გასული წლის დეკემბრის დასაწყისში თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თითქმის გამოავლინა ინვესტორი სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის. მან აღნიშნა, რომ რუსი ინვესტორი თითქმის გადაწყვეტილი იყო და საბოლოო არჩევანი მალე გაკეთდება. მისი თქმით, განახლებული აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლის პირობითი ვადა 2024 წლის ბოლომდეა.
აეროპორტი 1950-იანი წლების შუა ხანებში აშენდა და რამდენჯერმე იქნა მოდერნიზებული. მისი ასაფრენი ბილიკის სიგრძე 3,6 კმ-ია.