უკრაინული „ლოუკოსტერი“ SkyUp-ი 2018 წლის შედეგებს აჯამებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2018 წელს გადამზიდავი 441 607 მგზავრს მოემსახურა და მთლიანობაში 2 322 კომერციული რეისი განახორციელა.
გასული წლის მაჩვენებლებით, დღის განმავლობაში SkyUp-ის თვითმფრინავი ჰაერში 15 საათს ატარებდა.
2018 წელს ავიაგადამზიდავმა 25 საერთაშორისო და 3 შიდა მარშრუტზე განახორციელა ოპერირება. აღნიშნული მაჩვენებლები აერთიანებს კლუბ „შახტიორის“ რეისებსაც, რომლის ოფიციალური გადამზიდავიც SkyUp-ია.
2018 წელს განხორციელებული ავიარეისების მიხედვით, SkyUp-ის ყველაზე პოპულარული ავიამიმართულებების რეიტინგი ასე ჩამოყალიბდა: შარმ-ელ-შეიხი (ეგვიპტე), ანტალია (თურქეთი), ჰურგადა (ეგვიპტე), ბათუმი (საქართველო) და ტირანა (ალბანეთი).
შეგახსენებთ, რომ SkyUp-მა ექსპლუატანტის სერტიფიკატი 2018 წლის მაისში მიიღო და ოპერირებასაც უმალვე შეუდგა. იმ დროისათვის SkyUp-ის ავიაფლოტი 2 თვითმფრინავს აერთიანებდა, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა ხუთამდე გაზარდა.