უკრაინული „ლოუკოსტერი“ SkyUp-ი კიევიდან თბილისის გარდა ბათუმის მიმართულებითაც გეგმავს რეგულარული ავიარეისების დაწყებას. SkyUp-ის ინფორმაციით, კომპანია კიევი-ბათუმის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 2019 წლის 25 მაისიდან შეუდგება და ფრენები ყოველდღიურად განხორციელდება. უკვე ცნობილია, რომ ავიაბილეთის ფასი კი 1527 გრივნადან იქნება.
SkyUp-მა 2018 წელს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით 14 ჩარტერული რეისი უკვე განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ SkyUp-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისებს ავიაკომპანია 23 დეკემბრიდან განახორციელებს.
ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2019 წლის 30 მარტამდე, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია SkyUp-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 12 ნოემბერს მიენიჭა.
კიევი-თბილისის (ერთი გზა) ავიაბილეთის ფასი 1508 გრივნადანაა, რაც დაახლოებით 30 ევროა.
SkyUp მგზავრებს ეკონომ კლასზე სამი სახის ტარიფის ბილეთს სთავაზობს, ესენია Basic-ი, Standard-ი და Flex-ი.
სატარიფო სქემა Basic-ი მოიცავს მხოლოდ 7 კგ ხელბარგს და არ ხდება ავიაბილეთის დაბრუნება, ან გადაცვლა.
Standard-ი აერთიანებს 7 კგ ხელბარგსა და 23 კგ ჩასაბარებელ ბარგს. ბილეთის გადაცვლა ხდება ჯარიმის გადახდის საფუძველზე.
რაც შეეხება სატარიფო სქემა Flex-ს, ის მოიცავს Standard-ის ყველა პირობას, პლუს ბილეთის დაბრუნება ჯარიმის სანაცვლოდ.