SkyUp Airlines-მა და Join UP!-მა ომის გამო 550 მლნ დოლარი დაკარგეს!

22 მარტს SkyUp Airlines-მა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლითაც უცხოურ ავიაკომპანიებს მიმართა და მათ 15 ერთეული Boeing-737 “სველი ლიზინგით“ შესთავაზა. იყო ერთი პირობაც, რომ მომავალ პარტნიორებს არ უნდა შეესრულებინათ ფრენები რუსეთის და ბელორუსის მიმართულებით.

“ჩვენი თვითმფრინავების იჯარით აღებით თქვენ დაგვეხმარებით ომის დროს ოპერირების გაგრძელებაში, სახელმწიფო ხაზინაში გადასახადების გადახდაში და 1300 თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ომის დაწყებიდან საავიაციო და ტურისტულმა ჯგუფმა, რომელიც იური (მამა) და ალექსანდრე (შვილი) ალბას კუთვნილებაა, თითქმის მთელი შემოსავალი დაკარგა. ჯგუფმა მოახერხა პერსონალის შენარჩუნება, მაგრამ ხელფასები მინიმუმამდე შეამცირა.

“ანგარიშზე გარკვეული თანხა, რომლითაც დღეს შეგვიძლია ჩვენი თანამშრომლების მხარდაჭერა“, – ამბობს ალექსანდრე ალბა. “ხელფასის ფონდის ნაწილი სესხებით დაიფარა”.

ალბების ოჯახი ფლობს სიდიდით მეორე ავიაკომპანიას ქვეყანაში (მგზავრების რაოდენობის, შესრულებული ფრენების და ფლოტის მოცულობის მიხედვით) SkyUp Airlines-ს, ასევე მეორე უმსხვილეს ტუროპერატორს (ტურისტების რაოდენობის მიხედვით) Join UP!-ს. ბოლო 20 წლის განმავლობაში კი Join UP!-ის წილი ტურისტულ ბაზარზე 20%-ს შეადგენდა. ბოლო დრომდე კომპანია წარმოდგენილი იყო ბელორუსისა და მოლდოვის ბაზრებზე. მათ ეკუთვნით 150 ტურისტული სააგენტო JoinUP! to travel-ი, რომელთა უმეტესობაც ფრენჩაიზია.

2018 წელს დაარსებული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი მიზნად ისახავდა Join UP-ის ტურისტებს მომსახურებოდა. თუმცა ოპერირების დაწყებიდან პირველსავე წელს SkyUp Airlines-ის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ არა მხოლოდ ჩარტერული გადამზიდავი, არამედ “ეროვნული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავი”, რომელიც მგზავრებს შესთავაზებს ბილეთებს 500 უკრაინული გრივნადან და მარშრუტების ფართო ქსელს. ავიაკომპანიის მოდელმა მოწონება ჰპოვა და შესაბამისმა უწყებებმა ავიაკომპანიას საშუალება მისცეს დაპირისპირებოდა ბაზრის ლიდერს flyUIA-ს.

როგორც ცნობილია, ომის დაწყებისთანავე უკრაინულმა ავიაკომპანიებმა შეაჩერეს ყველა ფრენა უკრაინიდან/უკრაინის მიმართულებით, რითაც მთელი შემოსავალი დაკარგეს. 2021 წლის მონაცემებით, SkyUp Airlines-ი წლის განმავლობაში მომესახურა  2.6 მლნ მგზავრს, ანუ 7%-ით ნაკლებს ვიდრე flyUIA.

ალექსანდრე ალბას თქმით, 2022 წელს SkyUp Airlines-ი გეგმავდა, რომ მგზავრების რაოდენობის კუთხით მთავარ კონკურენტს დასწეოდა. ოპერატორის შემოსავალი გაორმაგებულიყო 300 მლნ დოლარამდე, ხოლო Join UP!-ის 25%-ით – 500 მლნ დოლარამდე.

ალექსანდრე ალბა ამბობს, რომ  SkyUp Airlines-ის ღია წერილს კარგი გამოხმაურება მოყვა. ახლა შემოსული კომერციული განაცხადების დამუშავებით სამი ადამიანია დაკავებული ერთის ნაცვლად.

”ჩვენ ველოდებით, რომ მაისის ბოლომდე ფლოტის 50%-მდე დავამატებთ,” – ამბობს ალბა.

“ეს არის საუკეთესო გზა სწრაფი ფულის გამომუშავებისთვის“, – დასძენს იურიდიული ფირმის Ante-ის პარტნიორი ანდრეი გუკი, რომელიც საავიაციო სამართალის მიმართულებით მუშაობს.

აღნიშნულ ტაქტიკას იყენებენ სხვა უკრაინული გადამზიდავებიც, როგორიცაა flyUIA, რომელიც ეძებს შეკვეთებს უცხოურ აეროპორტებში გაჩერებული ოთხი თვითმფრინავისთვის (სამი Boeing 737 და ერთი Embraer 190).

”მსოფლიო ჯერ კიდევ არ გამოსულა პანდემიის შედეგებისგან”, – ამბობს ევგენი ტრესკუნოვი, საკონსულტაციო კომპანიის Aviaplan-ის დამფუძნებელი. “შეინიშნება ფრენების მოცულობის კლება, შესაბამისად ბაზარზე არის თვითმფრინავების ჭარბი რაოდენობა. მომხმარებლის პოვნა დიდი გამოწვევაა”.

მაგრამ არის შანსები. ტრესკუნოვი იხსენებს, თუ როგორ, 2014 წელს საჰაერო მგზავრობის მკვეთრი შემცირების შემდეგ, flyUIA-მ მოახერხა ექვსი დამატებითი თვითმფრინავის გადაცემა “სველი იჯარით”. ”იმისთვის, რომ მაღალი სეზონის დროს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რომელიც მოდის ზაფხულის თვეებში, მალე ეკიპაჟით თვითმფრინავების მიღებაზე ბევრი მსურველი იქნება”, – აღნიშნა flyUIA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა იური მიროშნიკოვმა,

რამდენის შოვნა შეგიძლიათ? “დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აწარმოებთ მოლაპარაკებას”, – ამბობს ის – “პროფესიონალი ბროკერები ყოველთვის გამოიმუშავებენ. ავიაკომპანიები ხან ფულს აკეთებენ, ხან კი… ზარალის შემცირება უკვე კარგი ვარიანტია”.

ალბას თქმით, ძირითადი ხარჯები მოდის პერსონალის ხელფასებზე, საწვავზე და შესრულებული ფრენებისთვის საჰაერო ნავიგაციის მოსაკრებელზე. ამ დროისათვის SkyUp Airlines-ი ახორციელებს ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის ორ თვითმფრინავით.

მარტის განმავლობაში SkyUp Airlines-მა კიშინიოვი-თელავივის მარშრუტზე 21 საევაკუაციო ფრენა შეასრულა. ასევე რეპატრიაციის პროგრამის ფარგლებში ისრაელში სულ 2835 ლტოლვილი გადაიყვანა.

ალბა ამბობს, რომ არსებობს მოთხოვნა ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებაზე ალმა-ათიდან და ასტანადან ვარშავაში. ყოველი ქალაქიდან კვირაში ერთი რეისის განხორციელება იგეგმება.

საერთაშორისო კანონმდებლობა ასევე აფერხებს საგარეო პროგრამის მასშტაბირებას. ის არ აძლევს უკრაინულ ავიაკომპანიებს უფლებას განახორციელონ ფრენები მესამე ქვეყნებს შორის ადგილობრივი საავიაციო ხელისუფლების თანხმობის გარეშე.

”თქვენ გჭირდებათ ცალკე ნებართვა იმ ქვეყნებიდან, რომელთა შორის ფრენა ხდება”, – ამბობს გუკი.

კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ სამხედრო სამსახურში მყოფ მამაკაცებს არ შეუძლიათ უკრაინის დატოვება. თუმცა SkyUp Airlines-მა მოახერხა და გადაჭრა ეს პრობლემა მისი პილოტებისა და ზოგიერთი ტოპ მენეჯერისთვის.

”საქონლის ტრანსპორტირება და ფლოტის ნაწილის ”სველ ლიზინგზე” გადაცემა არის ტაქტიკური გადაწყვეტილება, რომლებიც საშუალებას გაძლევთ გადარჩეთ ომის აქტიურ ფაზაში, მაგრამ არ გადაჭრის პრობლემას გრძელვადიან პერსპექტივაში”, – აღნიშნავს გუკი.

ალბას ასევე აქვს გეგმა თუ კი ომი გაჭიანურდება. ივლისის ბოლომდე ავიაკომპანიას სურს მიიღოს ავიაოპერატორის სერტიფიკატი ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნიდან – ის ხსნის შეზღუდვებს ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენებზე. ”ჩვენ ვსაუბრობთ შვილობილი კომპანიის ევროპაში რეგისტრაციაზე”, – ამბობს ალექსანდრე ალბა. კომპანიას ასევე დაერქმევა SkyUp.

ალბა ამბობს, რომ ევროპული ლიცენზიის მისაღებად საკმარისია გყავდეს ევროკავშირში რეგისტრირებული ერთი თვითმფრინავი. თუმცა არსებული გეგმის მიხედვით, კადრების ხერხემალი უკრაინელები იქნებიან.

იურიდიულად, სქემა ასეთია. ევროპული SkyUp-ის რეგისტრაციის შემდეგ, მშობელი კომპანია – SkyUp Airlines – მას გადასცემს თავის თვითმფრინავს „სველი ლიზინგის“ პირობებით. ოპერაციულ საქმიანობას უკრაინის ოფისი უზრუნველყოფს. „დიახ, იქნება გადასახადები და სამუშაო ადგილები უკრაინაში. ამავდროულად, ჩვენ ვისარგებლებთ ევროპული ოპერატორის სერთიფიკატის ყველა უპირატესობით“, – ამბობს ალბა.

როგორია წინაღობები? მთავარი ბარიერი არის რთული და ხანგრძლივი სერტიფიცირების პროცედურა, რომელიც მინიმუმ ექვს თვეს წაიღებს. ”სხვა ქვეყანაში გჭირდებათ ადგილობრივი ასისტენტები ან პარტნიორები, რომლებმაც იციან ბაზარი,” – ამბობს გუკი. “კადრების გადამზადება, რომლებმაც ასევე უნდა მიიღონ ყველა სერტიფიკატი და დაადასტურონ კვალიფიკია”.

Join UP!-საც აქვს მსგავსი სტრატეგია. “ჯერჯერობით უკრაინაში ოპერირებას ვერ ვახერხებთ, ჩვენ სწრაფად ვიზრდებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს“, – აღნიშნავს ალბა.

მომდევნო 6 თვის ძირითადუ აქცენტები: საქმიანობის გაფართოება მოლდოვაში, რეგიონული ოფისების გახსნა და ტურისტული პაკეტების გაყიდვა ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ტალინი, ვილნიუსი და რიგა), ასევე ყაზახეთში. სანამ SkyUp არ მიიღებს ევროპულ ლიცენზიას, დაგეგმილია JoinUp Baltic-ის ტურისტების მიწოდება საკუთარი თვითმფრინავით, რომელიც გადაცემულია “სველი იჯარით” პარტნიორ ავიაკომპანიაზე. იმავდროულად, ევროპულ ტურისტულ ნაკადებს Join UP!-ის ნაცვლად  მოემსახურება ბრენდი SkyUp.

2022-2023 წლენის ზამთარი Join UР! გეგმავს ჩარტერული ფრენების განხორციელებას ტურისტულ მიმართულებებში რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან.

რამდენად ანაზღაურებს ახალი პროექტები ომამდელ მოცულობებს? ”იმედი მაქვს, რომ Join UР! იმუშავებს დაგეგმილის 15%-ით“, – ამბობს ალბა. მაგრამ ეს არ არის მთავარი.

მანამდე ჯგუფი ორიენტირებული იყო ექსკლუზიურად უკრაინის ბაზარზე. SkyUp Airlines-ის და Join UР!-ის  დამფუძნებლები დარწმუნებულნი არიან, რომ პორტფელის დივერსიფიკაცია უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ინვესტიციებისთვის ბიზნესს უფრო სტაბილურს და მიმზიდველს გახდის. რატომ არ უნდა გაიხედო ჰორიზონტის მიღმა?

„მომავალში ჩვენ დასავლეთით გავფართოვდებით. მთავარი მისიაა გავხდეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე”, – ამბობს ალბა.