მოლდოვურმა ავიაკომპანია Air Moldova-მ უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ისგან 3 საჰაერო ხომალდი იჯარით აიღო, რითაც მოლდოვურმა ავიაგადამზიადავმა საკუთარ ავიაპარკში თვითმფრინავების დეფიციტი გადაჭრა და ამიერიდან ყველა დაანონსებულ რეისს განრიგის მიხედვით მოემსახურება.
“Air Moldova ამჟამად განიცდის ოპერაციულ სირთულეებს თვითმფრინავების დეფიციტის გამო. ზოგიერთი სირთულის გადასაჭრელად, კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი ევროპული კომპანიებისგან სამი თვითმფრინავის იჯარაზე, რათა განეხორციელებინა დაგეგმილი ფრენების ნაწილი”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით ფრენები უკვე განაახლა და კიშინეუსა და თბილისს შორის ფრენებს ამიერიდან განრიგის მიხედვით განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისიდან Air Moldova ყოველდღიურად ათამდე ფრენას აუქმებდა, რაც ავიაკომპანია ოპერაციული პრობლემებით ხსნიდა. გაუქმებულ ფრენებს შორის იყო საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დანიშნული რეისებიც.
რამდენიმე კვირის უკან Air Moldova-ს ორი ბორტი, რომელიც ავიაკომპანიას იჯარით ჰქონდა აღებული, მოიჯარემ უკან გაიწვია. ერთი ხომალდი კი გეგმურ ტექნიკურ შემოწმებაზე იყო გაშვებული.
როგორც თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, არ იცვლება Air Moldova-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განრიგი, რომელიც კიშინიოვსა და თბილისს შორის კვირაში 7 სიხშირით ოპერირებას ითვალისწინებს.
ასევე Air Moldova ზაფხულში თბილისის გარდა ფრენებს შეასრულებს ბათუმის მიმართულებითაც. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.