27 ოქტომბრიდან უკრაინული “ლოუკოსტერი” SkyUp Airlines-ი კიევიდან შრი-ლანკის ყოფილი დედაქალაქის კოლომბოს მიმართულებით იწყებს რეგულარული ავიარეისების განხორციელებას.
რეისები, კვირაში 2 სიხშირით, ტუროპერატორ Join UP!-თან პარტნიორობით განხორციელდება. ცნობილია, რომ Boeing 737-ი, რომლითაც SkyUp Airlines-ი კოლომბოს მიმართულებით იფრენს, საწვავის შესავსებად არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ ქალაქში 1,5 საათით გაჩერდება. ამ დროს კი მგზავრები ბორტზე იქნებიან და ჩამოსვლა არ მოუწევთ.
რეისი კიევიდან 22:00 საათზე განხორციელდება, ხოლო დანიშნულების ადგილზე კოლომბოს დროით 13:00 საათზე იქნება. მგზავრობის დრო 11:45 საათს შეადგენს.
როგორც SkyUp Airlines-ში აცხადებენ, ავიაკომპანიის მიერ შეთავაზებული მგზავრობის ხანგრძლივობა, ორივე მიმართულებაზე 7 საათით ნაკლებია, ვიდრე სხვა ავიაკომპანიების მიერ შეთავაზებული ფრენების ხანგრძლივობა.
კიევი-კოლომბო-კიევის ავიაბილეთი ორჯერად კვებასაც მოიცავს. ბორტზე კვება კი სენდვიჩს და ცხელ და ცივ სასმელებს ითვალისწინებს. დამატებითი კვების მისაღებად კი მგზავრს ფასიანი მენიუს – Celebrate your flight მოთხოვნა შეუძლია.
კოლომბო შრი-ლანკის უდიდესი ქალაქი და ყოფილი დედაქალაქია. ქალაქი მდებარეობს კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე და ესაზღვრება ამჟამინდელ დედაქალაქ შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტეს. კოლომბო საქმიანი, ცოცხალი ქალაქია, სადაც თანამედროვე ცხოვრება და კოლონიური არქიტექტურა თუ ნანგრევები ერთმანეთშია შერწყმული.
ფართო ნავმისადგომის გამო, კოლომბო აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო გზებზე სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და ის ცნობილი იყო ჯერ კიდევ უძველესი ვაჭრებისათვის, დაახლოებით 2 000 წლის წინ.
1978 წელს, ადმინისტრაციული დედაქალაქი კოლომბოდან შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტეში გადავიდა, ხოლო ქვეყნის კომერციულ დედაქალაქად დღემდე კოლომბო რჩება.