უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა ბაზარზე 4 წლიანი ოპერირების შემდეგ ბორტგამცილებლების უნიფორმის ცვლილება გადაწყვიტა. ყველაზე დიდი ცვლილება ქალი ბორტგამცილებლების უნიფორმას შეეხო, ხოლო რაც შეეხება მამაკაცებს, ის უფრო კლასიკური გახდა. 

avianews-ს SkyUp Airlines-ში განუმარტეს, რომ ახალი უნიფორმა დაფუძნებულია დინამიკისა და მოძრაობის იდეაზე, ამიტომ კაბისა და პიჯაკის ნაცვლად ქალებს უფრო სპორტული სტილის ნაჭრის შარვალი ეცმევათ, რომელიც GUDU-თან პარტნიორობითაა შექმნილი.

შეიცვალა ფეხსაცმელიც და ის Nike-ის ფირმის იქნება, რაც დადებით ასახვას პოვებს პერსონალის კეთილდღეობაზე, რადგანაც მათ დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ფეხზე დგომა.

უნიფორმის ცვლილების ერთ-ერთი შტრიხია ასევე, GUNIA-ს მიერ შექმნილი შარფი, რომელიც მხარზე იქნება დამაგრებული. ადრე ის ბორტგამცილებელს კისერზე ჰქონდა შემოხვეული.

SkyUp Champions-ის სტილი მოიცავს ასევე ბორტგამცილებლებისთვის მაკიაჟის ახალ სტილს. იდეა, რომელიც დაფუძნებულია ცის ფერებზე, რომელთა ნახვა მხოლოდ სიმაღლეზეა შესაძლებელი. ეს არის რბილი ნარინჯისფერი, როგორც მზის ჩასვლისას და რბილი ლურჯი, როგორც გამთენიისას.

SkyUp Airlines-ი გეგმავს, რომ მგზავრებს ბორტგამცილებლები SkyUp Champions-ის ახალ უნიფორმაში უკვე შემოდგომიდან წარუდგინოს. ამ დროის შეიქმნება უნიფორმის 500 ნაკრები, რომლებიც მთლიანად უკრაინის სამკერვალო საწარმოებში იქნება შეკერილი.