საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული საკონსულტაციო კომპანია Skytrax-ის პრეზიდენტი ედუარდ პლაისტედი, აეროპორტის ყოველწლიური სერვისების და ხარისხის შეფასების მიზნით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია.
მიმდინარე წელს, Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წლის ყველაზე გაუმჯობესებულ და მგზავრზე ორიენტირებულ 10 აეროპორტს შორის დაასახელა. Skytrax-ის ეს აღიარება, 12 თვის განმავლობაში აეროპორტის ხარისხის და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და აეროპორტის განვითარებისთვის წლის მანძილზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
წელსვე, პარიზში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2022“-ზე, TAV Georgia-ის მართვაში არსებული ორივე აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებად დასახელდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველად, ხოლო თბილისის – ზედიზედ მეცხრედ მოხვდა აღნიშნულ კატეგორიაში.
Skytrax-ი გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 33 წელია მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს.
“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.