კომპანია Skycab ამიერკავკასიაში, მსოფლიოში ზემსუბუქი გიროკოპტერების უმსხვილესი მწარმოებლის, იტალიური Magni Gyro-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. მხარეებს შორის შეთანხმება ივნისში გაფორმდა. პარტნიორობის ხელშეკრულება მოიცავს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე MAGNI-ს მიერ წარმოებული საჰაერო ხომალდების მომსახურებასა და დისტრიბუციას.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში Skycab-ის გუნდი ასევე ეწვია CH-7 Heli-Sport-ის საწარმოს. CH-7 Heli-Sport აწარმოებს ზემსუბუქ ვერტმფრენებს, როგორიცაა CH77 – Ranabot.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის საქართველოში სწავლებისა და სერვის ცენტრის გახსნის შესაძლებლობის საკითხი, რაზეც მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება და უახლოეს მომავალში საქართველოში Magni Gyro-სა და CH-7 Heli-Sport-ის წარმომადგენლების ვიზიტი იგეგმება. აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს მწარმოებლის იდენტიფიცირების პროცესს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორც Skycab-ში განმარტავენ, წელს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მიღებული წესი ქვეყანაში ზემსუბუქ საჰაერო ხომალდებთან მიმართებაში არსებითად ცვლის საერთო დანიშნულების განვითარების პერსპექტივას. შესაბამისად, მსგავსი მწარმოებლების მოზიდვა და მათი პროდუქტის პოპულარიზაცია ქართულ ბაზარზე მეტად ხელსაყრელია საერთო დანიშნულების ავიაციის განვითარების თვალსაზრისით.