გაუქმებული ქართული ავიაკომპანია SKY Georgia-ს თვითმფრინავი 7 წელია ერზურუმის აეროპორტში უმოძრაოდ დგას. თურქული მედიის ინფორმაციით, “ილ 76”-მა 2011 წლის ოქტომბერში თურქეთის პროვინცია ვალში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.
SKY Georgia-ს თვითმფრინავი ერზურუმის აეროპორტში 30 ოქტომბერს დაეშვა და ტექნიკური გაუმართაობის გამო გამოფრენა აღარ განუხორციელებია.
ინციდენტი აეროპორტში თვითმფრინავის პარკირებისას მოხდა, როდესაც SKY Georgia-ს ხომალდი სხვა თვითმფრინავს შეეჯახა. სადაზღვეო კომპანიასთან შექმნილი პრობლემის გამო კი თვითმფრინავი შეკეთებას 7 წელია ელის. თურქული მედიის ინფორმაციითვე, აღნიშნულ თემაზე თურქული მხარე კომპანიის წარმომადგენლობას რამდენჯერმე დაუკავშირდა.
ქვეყნის სახელმწიფო აეროპორტების მმართველს (DHMI) კი არ აქვს უფლება თვითმფრინავის დგომისთვის ავიაკომპანიიდან თანხა სასამართლოს გზით ამოიღოს.
აღნიშნული სერვისის საფასური წელიწადში 155 ათას 100 ევროა, შესაბამისად SKY Georgia-ს დავალიანება თურქეთის სახელმწიფოს მიმართ უკვე 1,1 მლნ ევროს შეადგენს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ დროისათვის SKY Georgia-ს გადახდისუუნარობის (გაკოტრება) საქმისწარმოება მიმდინარეობს.
ხოლო რაც შეეხება „ილ 76“, როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული ხომალდი მათ რეესტრში დიდი ხანია აღარ ირიცხება.