ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სკანდინავიის ქვეყნების წამყვან ტურისტულ კომპანიებს უმასპინძლა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის 10 უმსხვილესი ტურ-ოპერატორი ქართველ კოლეგებს შეხვდა.
B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ სკანდინავიის წამყვან ტურ-ოპერატორებთან საქმიანი შეხვედრები გაემართათ და პირადი კონტაქტები დაემყარებინათ.
ღონისძიების მიზანია სკანდინავიის ქვეყნებიდან შემომყვანი უმსხვილესი ტურ-ოპერატორები საქართველოში საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.
გაცნობითი ტური ავიაკომპანია airBaltic -ის მხარდაჭერით გაიმართა.
„ჩვენ ვმასპინძლობთ სკანდინავიის ქვეყნებიდან წამყვან ტუროპერატორებს საქმიანი ტურიზმის მიმრთულებით. დღევანდელი ღონისძიება იმითაც არის მინიშვნელოვანი, რომ ეს ადამიანები პირველად იმყოფებიან საქართველოში.
ჩვენ ხელს ვუწყობთ კერძო სექტორს B2B შეხვედრების ფორმატით დაამყარონ ურთიერთობები ახალ კომპანიებთან. აქედან გამომდინარე ველოდებით შედეგს, რომ ჩვენს მიერ მოწვეული ტურისტული კოპანიები შვედეთიდან , დანიიდან და ნორვეგიიდან გაეცნობიან საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, ითანამშრომლებენ ქართულ კერძო სექტორთან, დაიწყებენ ტურისტული პროდუქტის რეალიზებას და ეს ყველაფერი ერთობლივად მოგვცემს იმ შედეგს რომ საქართველოში შემოვა კიდევ უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი ევროკავშრის ქვეყნებიდან.“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურის ფარგლებში, 4 დღის განმავლობაში, უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ და სხვადასხვა რეგიონს ესტუმრნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ქართულ ტურისტულ პროდუქტებს.