სინგაპური ჩანგის აეროპორტში ახალი მეგა ტერმინალის მშენებლობას მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიწყებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლოურენს ვონგმა.

ახალი ტერმინალი 5 აეროპორტის გამტარუნარიანობას წელიწადში კიდევ 50 მილიონი მგზავრით გაზრდის, ხოლო მარშრუტების ქსელი თითქმის 150-დან 200-მდე გაიზრდება. ის ექსპლუატაციაში სავარაუდოდ 2030-იანი წლების შუა პერიოდში შევა. ამჟამად აეროპორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 90 მლნ მგზავრია.

ჩანგის აეროპორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე დატვირთული აეროპორტია. ის გასულ წელს თითქმის 60 მილიონ მგზავრს მოემსახურა. 2024 წლის პირველ ნახევარში ჰაბის მგზავრთნაკადი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით თითქმის აღდგა.

რეგიონის სხვა ქალაქებიც აფართოებენ თავიანთ შესაძლებლობებს. აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) თანახმად, გლობალური მგზავრთნაკადი 2042 წლისთვის სავარაუდოდ გაორმაგდება და დაახლოებით 20 მილიარდს მიაღწევს.