სინგაპურის ჩანგის აეროპორტმა (SIN) 2025 წელი შთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა — მგზავრთნაკადმა 69.98 მილიონს მიაღწია, რაც აეროპორტის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მონაცემით ჩანგიმ საბოლოოდ გადაასწრო პანდემიამდელ, 2019 წლის რეკორდს (68.3 მილიონი).

2024 წელთან შედარებით მგზავრების რაოდენობა 3.4%-ით გაიზარდა.

2025 წლის დეკემბერი ყველაზე აქტიური თვე აღმოჩნდა (6.3 მლნ მგზავრი), ხოლო წლის პიკური დღე 20 დეკემბერი იყო, როდესაც აეროპორტმა ერთ დღეში 223,000-ზე მეტ ადამიანს უმასპინძლა.

თვითმფრინავების მიმომსვლელობა 2.2%-ით გაიზარდა (374,000 რეისი), ხოლო სატვირთო გადაზიდვებმა 2.08 მილიონი ტონა შეადგინა (+4.5%).

ჩანგის აეროპორტისთვის ყველაზე დიდი ბაზარი კვლავ ჩინეთი აღმოჩნდა, რომელმაც 12.2%-იანი ზრდა აჩვენა. ტოპ-ხუთეულში ასევე შედიან:

  1. ჩინეთი
  2. ინდონეზია
  3. მალაიზია
  4. ავსტრალია
  5. ინდოეთი

ყველაზე პოპულარული მარშრუტები კი კუალა-ლუმპურის, ბანკოკის, ჯაკარტას, ბალისა და ჰონგ-კონგის მიმართულებები იყო.

2025 წელს ჩანგიმ რეკორდული რაოდენობის — 13 ახალი მიმართულება დაამატა, მათ შორის პირდაპირი კავშირი მონღოლეთთან (ულან-ბატორი) და ვენასთან (ავსტრია). აეროპორტმა ასევე დაიბრუნა Skytrax-ის „მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტის“ ტიტული.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა გიგანტური მე-5 ტერმინალის (T5) მშენებლობაზე, რომელიც 2030-იანი წლების შუა პერიოდში გაიხსნება და აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას 140 მილიონ მგზავრამდე გაზრდის.

„2025 წელი ჩანგისთვის, როგორც საავიაციო ჰაბისთვის, უძლიერესი წელი იყო. ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ მაქსიმუმს და გავაფართოვეთ ქსელი გლობალური არასტაბილურობის მიუხედავად,“ — განაცხადა Changi Airport Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იამ კუმ ვენგმა.