აზერბაიჯანული სატვირთო ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე, 2020 წელს, 3,202 ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც საერთო ტვირთნაკადის 16.5%-ია. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარზე 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 59%-ით მეტ ტვირთს მოემსახურა.

გლობალურად, 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის ფონზე სამგზავრო გადაზიდვები გაჩერდა, სატვირთო კი არა. რეალურად 2020 წელს სატვირთო გადაზიდვებში უდიდესი წილი სამედიცინო აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე მოდის.  

როგორც AviaNews-ს Silk Way West Airlines-ში განუცხადეს, 2019 წელს ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 2,008 ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც საერთო ტვირთნაკადის 8,08%-ია. აღსანიშნავია, რომ Silk Way West Airlines-მა საქართველოს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთბრუნვით, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 25%-იანი ზრდა აჩვენა.  

2018 წელს კი ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 2,679 ტონა ტვირთი გაატარა, რაც საქართვლოს მიერ გატარებული ტვირთნაკადის 10,5%-ია. 

ავიაკომპანიის სტატისტიკური მონაცემებით 2020 წელს საქართველოს აეროპორტები სულ 19.637 ტონა ტვირთს მოემსახურა, სადაც 3.202 ტონა Silk Way West Airlines-ზე მოდის. 2019 წლის მაჩვენებლებით კი საქართველო სულ 24.856 ტონა ტვირთს მოემსახურა, სადაც Silk Way West Airlines-ის წილი 2.008 ტონაა. 2018 წელს გატარებულია სულ 25.450 ტონა ტვირთი, Silk Way West Airlines-ის წილი კი 2.679 ტონაა.

შეგახსენებთ, რომ Silk Way West Airlines-ი ბაქო-თბილისი-ბაქო კვირაში 3 რეგულარულ რეისს ასრულებს და მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში 2 რეისს ამატებს.

Silk Way West 2012 წელს დაარსდა და დღეისათვის დაახლოებით 250 რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 50 მიმართულებით ასრულებს .

კომპანის ფლოტი მოიცავს 12 ბოინგს, მათ შორისაა Boeing 747-400F და Boeing 747-8F ხომალდები.