აზერბაიჯანული ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ი ჩიკაგო – თბილისი – ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისების შესრულებას იწყებს.
ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის პრაქტიკაში მიღებული ე.წ. „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებით შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებული ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, ხოლო შემდეგ კი – ბაქოში. შესაბამისად, ავიაგადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Silk Way West Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, პირველი რეისი ჩიკაგო – თბილისი – ბაქოს ხაზზე მიმდინარე წლის 10 აგვისტოს განხორციელდება. ფრენები ამ მიმართულებით მრავალჯერადად იგეგმება. სააგენტოს მიერ, აზერბაიჯანულ სატვირთო ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 6 აგვისტოს მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ს აღნიშნული ფრენების შესრულებაზე ნებართვა მას შემდეგ მიენიჭა, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართა.
“პირველი – მნიშვნელოვანია, რომ აშშ-დან თუნდაც სატვირთო ფრენები საქართველოში შესრულდება. მეორე – ეს ძალიან პოზიტიური ფაქტია ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან სატვირთო გადაზიდვები, მათ შორის, საავიაციო გადაზიდვები იმატებს. 2020 – 2021 წლებში ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან კარგი დინამიკა გვქონდა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.