ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობის პოსტკოვიდურ პერიოდთან დაბრუნებას საკუთარ facebook-ის გვერდზე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, არსებული აღდგენის ტემპი, დადებით მოლოდინების აჩენს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით აღდგენაზე!
“2021 წლის ივნისის თვის მონაცემებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველია, სადაც იმავე რაოდენობის ავიარეისები სრულდება, რაც საჰაერო მიმოსვლის კუთხით ყველაზე აქტიურ და მზარდ 2019 წელს ხორციელდებოდა (100-105 სიხშირე კვირაში)
ეს არის უდიდესი საერთო ძალისხმევისა და პროფესიონალიზმის შედეგი
ასეთ რთულ დროს, ასეთი შთამბეჭდავი აღდგენის ტემპი, ძალიან დადებით მოლოდინების აჩენს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით აღდგენაზე!”, წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველია პანდემიის შემდეგ, სადაც გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის კუთხით ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბათუმის აეროპორტმა მიმდინარე წლის პირველი 5 თვის, იანვარი-მაისის მონაცემებით, 16%-ით მეტი მგზავრი მიიღო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის აეროპორტმა 41%-ით დაიბრუნა მგზავრთნაკადის ის მაჩვენებელი, რომელიც 2019 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ჰქონდა. ივნისის მაჩვენებლებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმავე რაოდენობის ავიარეისები სრულდება, რაც საჰაერო მიმოსვლის კუთხით ყველაზე აქტიურ და მზარდ 2019 წელს ხორციელდებოდა (100-105 სიხშირე კვირაში).