მიმდინარე ტურისტულ სეზონზე შიდა ფრენებზე ბილეთის ფასი არ შეცვლილა და ის 2019 წლის ნიშნულზე დარჩა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე განმარტავს, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე 2020 წელი შიდა ტურიზმის წლადაა გამოცხადებული და შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ შიდა ტურისტებს მაქსიმალურად შეეწყოს ხელი. 

“ავიაბილეთების ფასები არ შეცვლილა და არის იგივე. 2020 წელი გამოცხადდა შიდა ტურიზმის წლად და ამიტომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რო ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ გადაადგილება კომფორტულად და უსაფრთხოდ.

COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა არის დაცული, მიუხედავად იმისა, რომ ფრენები ადგილობრივ აეროპორტებში მიმდინარეობს. ნატახტარის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. ეს იქნება დეზობარიერები, სოციალური დისტანცირება თუ თერმოსქრინინგი”, აცხადებს თამარ არჩუაძე. 

როგორც ცნობილია, 24 ივლისიდან საქართველოში შიდა ფრენები განახლდება. შესაბამისად, 24 ივლისიდან აღდგება ფრენები შემდეგი მიმართულებით: თბილისი-ბათუმი, ნატახტარი – მესტია და ნატახტარი – ამბროლაური.

ნატახტარი – მესტია – ნატახტარი

ერთი გზა: ზრდასრული 90 ლარი ; ბავშვები (3-12) 63 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ.

თბილისი – ბათუმი – თბილისი

ერთი გზა: ზრდასრული – 125 ლარი; ბავშვები (3-12) – 88 ლარი; ჩვილები (0-3) – უფასოდ.

ნატახტარი – ამბროლაური – ნატახტარი

ერთი გზა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ.

მესტია – ქუთაისი – მესტია

ერთი გზა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ.