შიდა ფრენების ოპერატორ „სერვისეარ ჰოლდინგსა“ და მის შვილობილ „აკ ეარ ჯორჯიაში“ ლატვიელი ინვესტორები შევიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას GBC ავრცელებს.
„სერვისეარ ჰოლდინგის“ მფლობელმა ამირან მანჯავიძემ 49% კონსტანტინს სოლოდუჰას დაუთმო, კიდევ 2% ირაკლი კუტალიას, რომელიც კომპანიაში მანჯავიძესთან ერთად, მეორე დირექტორი გახდა.
ახალმა მეწილემ კომპანიის კაპიტალი 3 თვეში 1.2 მილიონი დოლარით უნდა შეავსოს. მომავალ 5 წელში კი, არანაკლებ 6 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.
ლატვიელი კონსტანტინს სოლოდუჰა, „აკ ეარ ჯორჯიას“ მეწილეც ხდება. კომპანიაში შპს „სერვისეარის“ 80%-დან კონსტანტინს სოლოდუჰა მიიღებს 20% -ს. 5% -5% გადადის მიხაილ ფეაფანაუს და მარლიეს სოლოდუჰას, ხოლო 1% ირაკლი კუტალიას ხელში. 49% დარჩება ამირან მანჯავიძეს.
„აკ ეარ ჯორჯიას“ 20% ასევე ლატვიურ WINGS $ SKY GROUP -ს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ „აკ ეარ ჯორჯია“ სახელმწიფო სუბსიდიით შიდა ფრენებს ემსახურება.
წელს კომპანიამ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ 20.2 მლნ დოლარის კონტრაქტი გააფორმა. კომპანიამ 4 წლით უნდა გაწიოს მომსახურება: თბილისი – ბათუმის, ქუთაისი – მესტიის, ნატახტარი – მესტიის და ნატახტარი ონის მიმართულებით.