ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა საერთაშორისო ავიარეისების განხორციელება დაიწყო.
პირველი საერთაშორისო რეგულარული რეისი “ლოუკოსტერმა” ნურსულთანი-მოსკოვის მარშრუტზე განახორციელა. იმავდროულად ავიაკომპანიამ ავიაპარკის Airbus A320-ით შევსებაზეც განაცხადა.
დღეისათვის FlyArystan-ი 13 მიმართულებაზე ოპერირებს, საიდანაც საერთაშორისო მხოლოდ ერთი მიმართულებაა.
FlyArystan-ი ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელის 2019 წლის ბოლომდე 520 ათასი მგზავრის მომსახურეობას ვარაუდობს. არსებული გეგმის თანახმად, 2022 წლის ბოლომდე FlyArystan-ს ავიაპარკი სულ 15 საჰაერო ხომალდს გააერთიანებს.
შემოვა თუ არა FlyArystan-ი საქართველოს ავიაბაზარზე?
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში” განუცხადეს, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 23 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ მინისტრის მოადგილესთან ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლის საკითხი განიხილა.
„ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე“, – განაცხადა, 23 აპრილს, ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე ჟენის კასიმბეკთან შეხვედრის შემდეგ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია FlyArystan-ს სურვილი აქვს, შემოვიდეს ქართულ ბაზარზე. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის განხილვაც ყაზახეთის მხარესთან დაიწყო.
ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის განხილვაც დავიწყეთ და ალბათ მალე მივალთ პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე, არის ფრენების დივერსიფიკაცია. ჩვენც ასევე დაინტერესებულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ასეთი ტიპის ფრენებს ემსახურება, უფრო მეტად დავტვირთოთ. ვფიქრობთ, რომ ძალიან მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ყაზახური ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
რამდენიმე დღის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ “განვიხილავთ FlyArystan-ს დაბალბიუჯეტიანი ფრენების დაწყებას, დიდი ალბათობით, ქუთაისის მიმართულებით“
„ჩვენ განვიხილავთ ურთიერთთანამშრომლობის ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის აღსანიშნავია ორი ინიციატივა, სადაც წინ წავიწიეთ – ეს არის ყაზახური ხორბლის დაბრუნება ქართულ ბაზარზე და FlyArystan-ს დაბალბიუჯეტიანი ხაზის შემოყვანა საქართველოში“ – ეს განცხადება ნათია თურნავამ 15 მაისს ყაზახეთში ვიზიტის დროს მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.
“FlyArystan-ს დაბალბიუჯეტიანი ხაზის ამოქმედება არის ძალიან კარგი შემოთავაზება ჩვენთვის, რადგან ვითარდება ტურიზმი, იზრდება ვიზიტორების რიცხვი და ღრმავდება ჩვენი ეკონომიკური კავშირები ყაზახეთთან. ავიაკომპანიის ფრენების დაწყებას, დიდი ალბათობით, ვფიქრობთ ქუთაისის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნის მიმართულებით მგზავრობის მსურველთათვის, რადგან ბილეთების ღირებულება იქნება საკმაოდ დაბალი და ხელმისაწვდომი“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.
FlyArystan-ი 2018 წელს შექმნილი ავიაკომპანაა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ბრძანებით დაფუძნდა.